გაეროს საგამოძიებო კომისიამ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სისტემური თავდასხმები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად მიიჩნია.
გენერალური ასამბლეისთვის წარდგენილ ანგარიშში საერთაშორისო ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ დარტყმებმა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა მიზანმიმართულად გაანადგურა. საგამოძიებო ჯგუფის დასკვნით, სამხედრო იერიშები მიზნად მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას ისახავდა. კომისიის თავმჯდომარემ, ერიკ მიოსემ აღნიშნა ისიც, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეები უფრო და უფრო მეტად იზრდება.
საყურადღებოა, რომ გაეროს საერთაშორისო გამომძიებლებმა რუსეთის არმიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკანონო რეკრუტირების ფაქტებიც გამოავლინეს. არსებული ინფორმაციით, რუსულმა მხარემ მოტყუებითა და იძულებით 29 სახელმწიფოს მოქალაქეები საბრძოლო მოქმედებებში ჩართო. ჩამოყვანილ პირებს რუსულენოვან სამხედრო კონტრაქტებზე ხელი მოაწერინეს და ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნეს.
გამოვლენილი დანაშაულების გათვალისწინებით, კომისიამ დაზარალებული რეკრუტების რუსული შეიარაღებული ძალებიდან დაუყოვნებლივ დათხოვნა და სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების შეწყვეტა მოითხოვა.
შეგახსენებთ, 2025-2026 წლების ზამთარში ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების გამო მილიონობით უკრაინელი გათბობის, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. საყურადღებოა, რომ გაეროს დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია უკრაინაში ჩადენილ საერთაშორისო სამართალდარღვევებს 2022 წლიდან იკვლევს.
























