მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24-29 მაისი - TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

60b38fc513f5f
ირაკლი მაკალათია
30.05.21 17:20
1410
გთავაზობთ გასული კვირის (24 – 29 მაისი, 2021) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას

1. უწყებათშორისმა საბჭომ 3 გადაწყვეტილება მიიღო
2. 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურმა ზღვარმა 21,3% შეადგინა
3. როგორ შეიცვალა მოსახლეობის შემოსავლების დონე პანდემიის პერიოდში
4. საქართველო უმუშევრობის მაღალი დონის მიხედვით მსოფლიოს ათეულში შედის
5. თბილისის მოსახლეობას გაზი გაუძვირდება - მიზეზი ლარის გაუფასურებაა
6. ტურიზმის სტატისტიკა I კვარტალში და ტურიზმის მხარდაჭერის ფონდი
7. კონკურენციის სააგენტო 1 ივნისიდან დემპინგის შესახებ საჩივრებს მიიღებს
8. 2020 წელი “თელასმა” 72.9 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა
9. ნამახვანჰესის პრობლემები და ჰიდროელექტროსადგურების პოტენციალი საქართველოში
10. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპატრამენტი 2022 წლისათვის საქართველოს 120,6 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება.

1. უწყებათშორისმა საბჭომ 3 გადაწყვეტილება მიიღო

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1. 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვები სრულად მოიხსნება; 2. 1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნება, ხოლო სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით; 3. ფართოვდება იმ ქვეყნების სია, საიდანაც უცხოელები შემოსვლას PCR-ტესტის საფუძველზე შეძლებენ. ეს ქვეყნებია: კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fwBpRy 

2. 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურმა ზღვარმა 21,3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 21.3% იყო, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1.8%-ით არის გაზრდილი. სიღარიბის დონემ ქალაქში 17.1%, ხოლო სოფელში 27.5% შეადგინა. სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლის გამოთვლისას, სიღარიბის ზღვარის გაანგარიშება ეფუძნება შრომისუნარიანი მამაკაცისთვის რეკომენდებული კალორიების მინიმალური რაოდენობის ღირებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის 21,3% მინიმალურად განსაზღვრულ აბსოლუტურ ზღვარზე დაბალი შემოსავლები აქვთ და ისინი უფრო მეტად სიღატაკის ზღვარზე არიან ვიდრე სიღარიბეში.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2TsFTA1 

3. როგორ შეიცვალა მოსახლეობის შემოსავლების დონე პანდემიის პერიოდში

2020 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო თვიური შემოსავალი წინა წელთან შედარებით 14,7 ლარით შემცირდა და 321,4 ლარი შეადგინა. ასევე შემცირებულია ხარჯები, რომელმაც საშუალოდ ერთ მოსახლეზე 303,3 ლარი შეადგინა (წინა წელთან შედარებით 24,4 ლარით შემცირდა). მთლიან შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს (44,4%). უცხოეთიდან მიღებული გზავნილების წილი კი 3,6%-ია. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს პენსიების, სტიპენდიებისა და დახმარებებიდან მიღებულ შემოსავლებს, რომელმაც მთლიან შემოსავლებში 21,8% შეადგინა.

ხარჯების მიმართულებით, სურსათზე, სასმელზე და თამბაქოს ნაწარმზე გაწეული ხარჯები სამომხმარებლო ფულადი ხარჯების 42,1%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 4.3%-ით არის გაზრდილი. რაც უფრო მაღალია სურსათზე გაწეული ხარჯების წილი, მით უფრო დაბალია მოსახლეობის ცხოვრების დონე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წილი სწორედ სურსათის შეძენაზე იხარჯება და სხვა, თუნდაც ფუფუნების საგნების შეძენაზე ნაკლებს ხარჯავს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3bZnQI7 ; https://bit.ly/3c1WX68 ; https://bit.ly/34sXfyL 

4. საქართველო უმუშევრობის მაღალი დონის მიხედვით მსოფლიოს ათეულში შედის

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონით საქართველო ქვეყნების რეიტინგში მე-10 ადგილზეა. თუმცა რამდენად ასახავს რეალურ რეიტინგს მეორე საკითხია, რადგან რეიტინგში მოცემული ქვეყნების მაჩვენებლები აღებულია 2018-2019-2020 წლების მიხედვით, რაც არაშესადარისია, ამავე დროს არაშესადარისობას ქმნის აღნიშნულ ქვეყნებში განსხვავებული მეთოდოლოგიებით დათვლილი უმუშევრობის დონეები.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fTEVEl ; https://bit.ly/3fPw0E0 

5. თბილისის მოსახლეობას გაზი გაუძვირდება - მიზეზი ლარის გაუფასურებაა

1-ელი ივნისიდან თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირი 8 თეთრით გაუძვირდება და 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 54 თეთრი გახდება. მიზეზი ლარის კურსის გაუფასურებაა. საქართველოში მოქმედი გაზის გამანაწილებელი კომპანიები ბუნებრივ აირს სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია “ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან” დოლარში ყიდულობენ. “თბილისი ენერჯი” ითხოვს, რომ სავალუტო კურსის რყევების რისკის დაზღვევის მიზნით, “ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან” შესასყიდი ბუნებრივი აირის ფასი ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირდეს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yM0uzj ; https://bit.ly/3vDIQM8 ; https://bit.ly/3c5wV1X 

6. ტურიზმის სტატისტიკა I კვარტალში და ტურიზმის მხარდაჭერის ფონდი

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთში სამოგზაუროდ წამსვლელთა რიცხვი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 87.2%-ით შემცირდა. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ტურიზმის სექტორში ჩართულ 50 ბიზნესსუბიექტს ციფრული მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში მხარდაჭერას აღმოუჩენენ, რითაც დაგეგმილია ბიზნესის შესახებ ცნობადობას გაზრდა. ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის ბიუჯეტი კი 300 000 ლარი იქნება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3utQLdP ; https://bit.ly/3iaPaqu ; https://bit.ly/3fwx6W7 ; https://bit.ly/3yX3Vn9 

7. კონკურენციის სააგენტო 1-ელი ივნისიდან დემპინგის შესახებ საჩივრებს მიიღებს

2021 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო 1-ელი ივნისიდან კი კონკურენციის სააგენტო დემპინგის საკითხებთან დაკავშირებით ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ განაცხადების მიღებას დაიწყებს იმ პირობით, რომ განაცხადზე ხელმომწერების ერთობლივი წილი ბაზარზე 25%-ზე არანაკლები იყოს და ადგილობრივი ინდუსტრიების 50%-ზე მეტმა უნდა დასვას, ან არ ეწინააღმდეგებოდეს აღნიშნულ პრობლემას.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fUywc7 
როგორი შეიძლება იყოს ანტიდემპინგური კანონის ეკონომიკური ფასი: https://bit.ly/3hYNeBy 


8. 2020 წელი “თელასმა” 72.9 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა

სს “თელასმა” გასული წელი 72,9 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. კომპანიას პანდემიის გამო გასულ წელს მათ მიერ რეალიზებული ელექტროენერგიის მოცულობა 11%-ით შეუმცირდა, საპირისპიროდ კი შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური გაეზარდა. ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების მიზნით თელასი 2021 წელს 130,000 ლარის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fyHDjF ; https://bit.ly/3c6a1aL 

9. ნამახვანჰესის პრობლემები და ჰიდროელექტროსადგურების პოტენციალი საქართველოში

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF), რომელიც ჩართული იყო მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის მომზადებაში, აცხადებს, რომ ,,ENKA-სთან ხელშეკრულების პროექტზე იუსტიციის სამინისტროს მერ მომზადებული ყველა სავალდებულო შენიშვნის გათვალისწინება მოხდა და ეს შენიშვნები ENKA-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში უკვე ასახულია.’’

რაც შეეხება საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების პოტენციალს "საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, 2021-2031 წლებში ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 123 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა უდიდესი ნაწილი მცირე ზომისაა. თუმცა 80-ზე მეტი ელექტროსადგურის მშენებლობა დღემდე გაჭიანურებულია და განახლებადი ენერგიების ასოციაციის შეფასებით ჯამში 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები არის შეფერხებული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2SHn6k9 ; https://bit.ly/3uFVadO ; https://bit.ly/3vAxusq 

10. აშშ-ის სახელმწიფო დეპატრამენტი 2022 წლისათვის საქართველოს 120,6 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის 120,6 მლნ-იანი დახმარება მიმართული იქნება: საერთაშორისო ნარკოტიკული კონტროლისთვის; ანტიტერორისტული პროგრამების მხარდაჭერისთვის; საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამისთვის და საერთაშორისო სამხედრო განათლების და ტრეინინგისთვის. როგორც დოკუმენტში წერია, "აღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და კრემლის მავნე ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას".
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2RWk3nV

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები