„ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე საქართველოში თავის პორტფელს ტურიზმის სექტორიდან ენერგეტიკის მიმართულებით აფართოებს და გარდაბანში 25 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას აანონსებს.
ქვეყანაში ყველაზე დიდი ელექტროსადგურის საინვესტიციო ღირებულება 16 მლნ დოლარამდეა. „ჯინო ჰოლდინგის“ პროექტს „გრინ ენერჯი“ შეასრულებს, მზის პანელების მიმწოდებელი კი ჩინური კომპანია Yingli Solar იქნება.
ბიზნესის დივერსიფიცირების შესახებ გადაცემა #რედაქტ2-ში „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა ისაუბრა. CFD მექანიზმის ამოქმედება, ენერგეტიკის ბაზრის გახსნის დაგეგმილი რეფორმა, საქართველოში არსებული ბუნებრივი პირობები და გამოცდილება - ნოდარ გიორგაძისთვის ესაა მიზეზები, რომლის გამოც საქართველოში მწვანე ენერგოპროექტის შესრულება გადაწყვიტა.
„დღევანდელი საკანონმდებლო ნორმები, მათ შორის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმი [CFD მექანიზმი], ასევე ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, მესამე ფაქტორი ის არის, რომ მე ვაკეთებ იმას, რაც უკვე გაკეთებული მაქვს... ასე გამომდის, რომ სლოვაკეთში ექსპერიმენტის სახით ვაკეთებ პროექტს, თუ მუშაობს და კარგია მერე აქ მომაქვს. იგივე იყო აკვაპარკის და სასტუმრო აკვამარინის შემთხვევაშიც. ასე ხდება ენერგეტიკაშიც. ამასთან, ჩემი პირველი სპეციალობა ფიზიკაა და ამ კუთხით ეს თემატიკა ყოველთვის მიტაცებს.
ნებისმიერი პროექტის შესრულებამდე სწავლობ სიტუაციას და კრეფ გუნდს. არაფერი არ გამოგივა თუ კარგი გუნდი არ გყავს, რომლის შეკვრა საქართველოში მოვახერხე. ასეთი პროექტი ჯერ ქვეყანაში ჯერ არ განხორციელებულა და თუ არაფერმა შეგვიშალა ხელი მიწაც უკვე ნაყიდი გვაქვს. დაფინანსების კუთხით ჯერ საკუთარი ფინანსებით მივყვები და თუ რამე იქნება, ნებისმიერი ბანკი და ინვესტორი სიამოვნებით შემოვა, სადაც გარანტირებულად დაინახავს, რომ პროექტი მოგების მომტანია და სახელმწიფო ელექტროენერგიის გამოსყიდვის გარანტად დგება“, - ამბობს ინვესტორი.