მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 ნოემბერს დაგეგმილი ინვესტორთა საბჭოს სხდომა არ შედგა - კონკრეტული მიზეზი უცნობია

5dde5845eac07
შოთა ტყეშელაშვილი
27.11.19 15:20
1385
26 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მეთორმეტე სართულზე, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა უნდა გამართულიყო. სხდომაზე საქართველოში მოქმედ ბიზნესასოციაციებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს ქვეყნის ბიზნესგარემოში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ უნდა ემსჯელათ, თუმცა აღნიშნული სხდომა არ შედგა. ეს გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში აღნიშნული საბჭოს პირველი სხდომა უნდა ყოფილიყო.

BM.ge ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მათ სხდომის გაუქმების მიზეზი არ იციან, თუმცა იმედოვნებენ, რომ 2019 წლის ბოლომდე მოხეხრდება საბჭოს სხდომის გამართვა.

“ჩვენ არ ვიცით თუ რა იყო მიზეზი, რის გამოც აღნიშნული სხდომა არ გაიმართა, აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურისგან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია. გადადების მიუხედავად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2019 წლის ბოლომდე გაიმართება ინვესტორთა საბჭოს სხდომა,”- განმარტავენ საბჭოს სამდივნოში.

BM.ge პრემიერის პრეს-სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ინვესტორთა საბჭოს სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება, თუმცა უშუალოდ დაგეგმილი სხდომის გადადების მიზეზს არ აკონკრეტებენ.

ცნობისთვის: 25 ნოემბერს საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ განაცხადა, რომ ის აღნიშნულ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებოდა. ფადი ასლის განცხადებით, რომ მთავრობა უკვე წლებია ქვეყანაში უცხოელ ინვესტორთა ინტერესებს უგულებელყოფს.

როგორც ცნობილია უახლოეს მომავალში მარიამ მეღვინეთუხუცესი ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს დატოვებს. ორგანიზაცია ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ ინფორმაციას მომდევნო სხდომის შემდეგ გამოაქვეყნებს.

საქართველოს ინვესტორთა საბჭო 2015 წლის 12 აპრილს, საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად შეიქმნა.

ინვესტორთა საბჭო საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს, რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე ჯგუფი - საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი და უცხოური ბიზნეს  ასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ან/და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები