გასაგებია დღეს რაც ხდება, 26 ოქტომბერი ფაქტობრივად დღეს დადგა და შედეგიც ეს არის, - ამ შეფასებით შემოიფარგლა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ გუშინ გამართული ღონისძიების კომენტირებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. ეს "ქართული ოცნების" დეპუტატის პირველი განცხადებაა მას შემდეგ რაც 17 აპრილს "რუსული კანონის" პირველი მოსმენით მიღებისას მან პარლამენტში მობრუნებულ კანონს მეორედ დაუჭირა მხარი.
დავით სონღულაშვილს არ განუმარტავს რა კონტექსტში ადარებს გუშინდელ აქციას 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. დეპუტატი ბოლო პერიოდში ქვეყანაში გახსნილი საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, როგორც პირდაპირი, ასევე აკუმულირებული ირიბი ეფექტები ექნება.
„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები დასრულდა უკვე, მათ შორის რიკოთის უღელტეხილის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის, ზესტაფონის 9-კილომეტრიანი მაგისტრალის და ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბის გაჭრა დასრულდა.
სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 3 უმნიშვნელოვანესი ფაქტი და მოვლენა მოხდა.
ერთის მხრივ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების რიკოთის უღელტეხილის 27 კილომეტრიანი მონაკვეთი, ზესტაფონის შემოვლითი 9 კილომეტრიანი მაგისტრალი და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულების ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბის გაჭრის დასრულება.
ეს ფაქტები და ეს მოვლენები არ არის მხოლოდ კონკრეტული გზის მშენებლობა ან ინფრასტრუქტურული პროექტი!
გარდა იმისა, რომ მგზავრობის დრო მნიშვნელოვნად მცირდება, ეკონომიკური თვალსაზრისით ვიღებთ სრულიად ახალ რეალობას.
ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი მეწარმეებისთვის მარტივდება, როგორც გასაღების ბაზრებთან ხელმისაწვდომობა, ასევე მცირდება პროდუქციის თვითღირებულება.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ შუა დერეფნის კონტექსტში, იზრდება საქართველოს, როგორც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობა და ფუნქცია, რომელიც უკვე მატერიალიზებულია კონკრეტული შემოსავლების სახით ბიუჯეტში.
ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, გვექნება როგორც პირდაპირი, ასევე აკუმულირებული ირიბი ეფექტები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.