თბილისში, ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავს. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი, ტარიელ მიქაცაძე BM.GE-სთან ამბობს, პროტესტში მონაწილეობისთვის, ისინი დედაქალაქში ერთი დღით ჩამოვიდნენ და აქციას დაახლოებით 100 ადამიანი უერთდება.
მისი თქმით, პროტესტის მიზეზი სამმხრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გახდა, რომლებმაც „ჭიათურისთვის საზიანო შედეგი გამოიღო“. როგორც მიქაცაძე აღნიშნავს, დღეს 2 000 მაღაროელი უმუშევარია, ხოლო დაახლოებით 1 600 დარჩენილი თანამშრომელი უკიდურესად მძიმე პირობებში მუშაობს.
„სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებებმა ჭიათურისთვის საზიანო შედეგი გამოიღო. 2000 მაღაროელი დღეს უმუშევარია, ხოლო ის 1600 ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული, ისინი არიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. შესაბამისად, ვითხოვთ იმ 2 000 მაღაროელის სამსახურებში დაბრუნებას, რადგან თვითონ ქალაქისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე ვითხოვთ, რომ სამუშაო პირობები, რომლებიც გაუარესდა მიხაილ სოცკის შემდეგ, დაუბრუნდეს 2024 წლის 1 ნოემბრამდე არსებულ მდგომარეობას“, – აცხადებს მიქაცაძე.
მისივე თქმით, რეგიონში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რადგან უმუშევარ მაღაროელებს სხვა, ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა არ აქვთ. დასაქმებულ 1 600 მაღაროელთან დაკავშირებით მიქაცაძე ამბობს, რომ მათი შრომითი პირობები შეუსაბამოა. მისი შეფასებით, თანამშრომლებს არ აქვთ ნორმალური კვება, შვებულებაზე წვდომა და ბიულეტენის ანაზღაურების შესაძლებლობა, თუმცა ამ საკითხებით „არც სახალხო დამცველი, არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც შრომის ინსპექცია არ ინტერესდება“.
გარდა ამისა, ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ ჭიათურელ მაღაროელებს 4 უკანონო პატიმარი ჰყავთ, რომლებსაც 7 თვეა ბრალს ვერ უმტკიცებენ, თუმცა ციხიდან არ ათავისუფლებენ: „ჭიათურის მაღაროელებს, დღეს 4 უკანონო პატიმარი ჰყავს. 7 თვის განმავლობაში, ბრალს ვერ უმტკიცებენ, მაგრამ მაინც ტოვებენ ციხეში. ამიტომ, ვითხოვთ, უკანონო პატიმრების გათავისუფლებასაც.
გარდა ამისა, ეკოლოგიური საკითხი, ჭიათურაში კატასტროფულ მდგომარეობაშია, რადგან ღია კარიერებით ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მადანი მოიპოვონ. ამას სჭირდება შველა და გადარჩენა“, - თქვა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა გეგმა აქვთ პროტესტის მონაწილეებს, მაღაროელი ამბობს, რომ უკვე 271-ე დღეა მაღაროელები ქუჩაში აპროტესტებენ და იქამდე არ გეგმავენ პროტესტის შეწყვეტას, სანამ უწყებების მხრიდან რეაგირება არ იქნება.
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალურ პროტესტს“ ასახელებდა. მაღაროელები კი აცხადებდნენ, რომ ხელფასების 60%-ის ანაზღაურება ხშირად გვიანდებოდა. 2025 წლის 28 თებერვლიდან მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო აქციები განაახლეს, სადაც ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენდა კუთვნილი ხელფასების დარიცხვა, კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლა, მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაცია და ჭიათურელებისთვის ფონდის შექმნა, სადაც შემოსავლების 10% აკუმულირდებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროში სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფმა შეთანხმება მოამზადა, რომლის მიხედვითაც კომპანია CMC მიწისქვეშა სამუშაოებს გარკვეული დათქმებით განაახლებდა, ხოლო მთავარი პირობა რეორგანიზაცია იყო. პროცესი კომპანიამ გაზაფხულზე დაიწყო და როგორც დღეს პროტესტის მონაწილე მაღაროელები აცხადებენ, რეორგანიზაციის შემდეგ დასაქმებულთა ნახერვარზე მეტი უმუშავრად დარჩა. მათგან 6 დაკავებულია.




























