მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

28-29 ნოემბერს "ექსპო ჯორჯიაში" Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება

გამოფენა

28-29 ნოემბერს, თბილისში, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში, გაიხსნება სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025.

ეს პლატფორმა წლებია აერთიანებს სოფლის მეურნეობისა და კვების ინდუსტრიის ლიდერებს. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე კომპანია 6 სხვადასხვა ქვეყნიდან. დამთვალიერებლებს და დაინტერესებულ მონაწილეებს კი შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს მიღწევებსა და პროდუქციას.

გამოფენის მნიშვნელობასა და დაგეგმილ სიახლეებზე "საქმიანი დილას" ეთერში Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025-ის მონაწილეებმა ისაუბრეს.

"ეს ღონისძიება აერთიანებს საქართველოს წამყვან კომპანიებს, რაც არის ძალიან კარგი საშუალება ყველასთვის გამოავლინონ თავისი თავი. ეს არ არის მხოლოდ ღონისძიება, სადაც კომპანიები თავიანთ პროდუქციას წარადგენენ. ეს არის ღონისძიება, სადაც მათ შეუძლიათ გახადონ ეს პლატფორმა შედეგიანი იმ ადამიანებისთვისაც, ვინც მოდიან, ესწრებიან და უშუალოდ მონაწილეობას არ იღებენ. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვიღებთ მონაწილეობას და ყოველთვის ჩვენი მიზანი არის ის, რომ იყოს პროდუქტიული კონკრეტულად ფერმერებისთვის, რადგან ნებისმიერ წელს მათ ძალიან საინტერესო შეთავაზებებს ვუმზადებთ", - ამბობს ანა იაკობაშვილი, "GMC Motors-აგრო ტექნიკის" კომერციული დირექტორი.

კომპანია Vitamehl-ის დამფუძნებლის, დავით ქარდავას თქმით კი, გამოფენაზე კომპანია არაერთ აქტივობას გეგმავს, მათ შორის: ცხობის მასტერკლასები, პანელური დისკუსიები და პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც პატარა და საშუალო კომპანიებს ზრდისა და ტრანსფორმაციის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

"უკვე მეორე წელია ვიღებთ მონაწილეობას ამ გამოფენაში და წინა წელს იმდენად საინტერესოდ და წარმატებით ჩავატარეთ, რომ დღეს აღარ წარმოგვიდგენია, რომ მსგავს ექსპოებზე აღარ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენთვის ეს გამოფენა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბაზრისთვის არა მარტო ინგრედიენტების მიწოდებაზე ვართ ორიენტირებული, არამედ ვაზიარებთ ინფორმაციას, შემოგვაქვს ინოვაცია და აი ეს გამოფენა ამისთვის არის ძალიან, ძალიან საჭირო სივრცე", - ამბობს დავით ქარდავა.

ქართულ ბაზარზე 20-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "შვიდი მითის" კომერციული დირექტორი აღნიშნავს, რომ მსგავს გამოფენებში მონაწილეობის მიღება კომპანიებს განვითარებაში ეხმარებათ.

"წლებია ვმონაწილეობთ ამ გამოფენაში და, რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში ჩვენი სტენდის მოცულობაც ნელ-ნელა იზრდება და იზრდება. გარდა იმისა, რომ გვაქვს ადგილობრივი წარმოება, ვართ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები და მათაც უჩნდებათ სურვილი, რომ ჩვენს სტენდზე ჰქონდეთ თავიანთი პატარა პატარა კუთხე პროდუქტის წარმოსადგენად", - ამბობს გიორგი ჯინჭარაძე.

Agro/Food/Drink/Tech/Expo-ში მონაწილეობას წელს პირველად მიიღებს ჰოლანდიური კომპანია "რაიკ ცვაანიც", რომელიც ევროპაში 100 წელია პროფესიონალურ სათესლე მასალას აწარმოებს.

"15 წლის წინ დავიწყეთ აქტიურად ქართული ბაზრის შესწავლა და შემდეგ უკვე აქტიურად შემოვედით ბაზარზე. ჩვენ პირველად ვიღებთ მონაწილეობას ამ გამოფენაში. ვფიქრობთ, რომ საქართველო ყოველთვის იყო რეგიონული ჰაბი ბიზნეს კავშირების შექმნისთვის და, შესაბამისად, ჩვენც ამ ყველაფერში ვეხმარებით ფერმერებს", - ამბობს ბიძინა იმნაძე, "რაიკ ცვაანის" წარმომადგენელი რეგიონში.

დამთვალიერებელი გამოფენაზე პესტიციდების, სასუქების, სასოფლო-სამეურნეო სათესლე მასალისა და მცირე ინვენტარის იმპორტიორ კომპანია "ბორნ სოფქიმიას" სტენდსაც შეხვდება. კომპანიის გეგმებზე მისმა კორპორატიული გაყიდვების მენეჯერმა, კოკა გახოკიძემ ისაუბრა.

"წარმოვადგენთ დაახლოებით 20-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს ადგილობრივ ბაზარზე, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენლები ვართ.

რაც შეეხება გამოფენებს, ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს წინა წლებში, თუმცა წელს გადავწყვიტეთ, განვაახლოთ ეს ტრადიცია, მივიღოთ მონაწილეობა ყოველწლიურ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის გამოფენაში, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ეს არის პლატფორმა, სადაც შეგვიძლია შევხვდეთ ახალ, განსხვავებულ მომხმარებლებს, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდით. ან თუნდაც შევხვდეთ ისეთ ადამიანებს, ვინც უკვე იცის ჩვენი კომპანიის შესახებ, მაგრამ შეგვიძლია მას მივაწოდოთ სიახლეები, რაც გვაქვს კომპანიაში, ან სამომავლო გეგმების შესახებ ვისაუბროთ, რომელიც დაგეგმილი გვაქვს მომდევნო წლებში" - ამბობს კოკა გახოკიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები