სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსი დარღვევით ააშენა.
ანგარიშის თანახმად, 2,884,841 ლარის ღირებულების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელებინა გამოცდილების არმქონე იურიდიულ პირს, ობიექტში საბაზრო ფასთან შედარებით ზედმეტად არის გადახდილი 194,586 ლარი, ხოლო სატრანსპორტო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ანაზღაურებულია 45,064 ლარი. ამასთან, აშენებული კორპუსის ფართობი პროექტით განსაზრვრულზე 61 კვადრატული მეტრით ნაკლები აღმოჩნდა.
“ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა მოიცავდეს საერთო ფართობით 2,805 კვ.მ-ის 39 ტიპურ საცხოვრებელ ბინას. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ტექნიკური დავალების შესაბამისად, ხოლო სამშენებლო სამუშაოების მიღება უნდა განხორციელდეს შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპით. ამასთანავე, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას, საწყისი სავარაუდო ფასის, ასევე ფაქტობრივი ხარჯების გამოთვლა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
“საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა 2019 წელს. სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, მერიამ ბაზრის კვლევა ჩაატარა 2018 წელს, თუმცა კვლევისათვის პრეტენდენტებზე წარდგენილ ტექნიკურ პირობებში არ არის მოთხოვნილი ის ვალდებულებები, რაც ფაქტობრივად უნდა განხორციელებულიყო. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ 2018 წელს ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგებით შესყიდვის სავარაუდო ფასის განსაზღვრა არარელევანტურია. მერიამ შესყიდვის ეტაპზე არ შეაფასა გასული წლის ბაზრის კვლევის შედეგების რეალურ მდგომარეობასთან შესაბამისობა და დაუსაბუთებლად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრა 3,335,145 ლარი.
სატენდერო წინადადებით, პრეტენდენტს გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება აქვს მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის კი აღნიშნული არ არის გათვალისწინებული, მაშინ როდესაც სხვა შემთხვევებში მერიას ანალოგიური მომსახურების შესყიდვის ეტაპზე მოთხოვნილი აქვს პრეტენდენტის გამოცდილება.
შესყიდვაში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი, მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა უმცირესი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტს − ამხანაგობა „მშენებლებს“. ამხანაგობა დაფუძნებულია ორი იურიდიული პირის მიერ 2019 წლის 18 იანვარს. ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ამზადებს შპს „მშენებელთა ჯგუფი“, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს შპს „ახალი სტილი“ (ltd new style).
წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მიმწოდებელს, შპს „მშენებელთა ჯგუფს“ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია და ფაქტობრივადაც ეს სამუშაო მას არ შეუსრულებია. საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია და პროექტის ინსპექტირება განახორციელა მესამე მხარემ და რეალური ღირებულება შეადგენს 75,000 ლარს. აღნიშნული დასტურდება ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, თუმცა მერიას ამ მომსახურებისათვის მიმწოდებელზე გადახდილი აქვს 10,000 ლარით მეტი, ანუ 85,000 ლარი.
სატენდერო კომისიის ოქმებით ირკვევა, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის შესაბამისი გამოცდილება წარმოდგენილი აქვს ამხანაგობის დამფუძნებელს, შპს „ახალ სტილს“ (ltd new style) და მისი ვალდებულებაა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა როგორც პროექტირების შემთხვევაში, ანალოგიურად, სამშენებლო საქმიანობა ფაქტობრივად მას არ განუხორციელებია და გაფორმებულია დამატებითი ხელშეკრულება შპს „მშენებელი 2020“-თან, რომელიც დაფუძნებულია 2019 წლის 11 ივნისს. აღსანიშანვია, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნდა სამშენებლო საქმიანობის გამოცდილება. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიება. შედეგად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელა გამოცდილების არმქონე შპს-მ, ამასთანავე, სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე ინსპექტირება ჩატარდა მხოლოდ შესრულებული სამუშაოების, შესრულების აქტში ასახულ სამუშაოებთან შესაბამისობაზე, რაც წარმოშობს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის რისკს.
სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმწოდებლის მიერ მერიისათვის წარდგენილი დოკუმენტებით, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2,884,841 ლარს, თუმცა უშუალოდ სამუშაოს მწარმოებელთან, შპს „მშენებელი 2020“-თან გაფორმებული ხელშეკრულებით და სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტებით ირკვევა, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2,746,015 ლარი, ანუ რეალურ ღირებულებასთან შედარებით − 138,826 ლარით ნაკლები.
სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების პირობებით, მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო 2,805 კვ.მ საერთო ფართობის 39 ერთეული ტიპური საცხოვრებელი ბინის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოწოდება და მშენებლობა. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენისას და შემდეგ მშენებლობისას, დაშვებულია გარკვეული სახის ხარვეზები. შედეგად, ზემოთ მითითებული 2,805 კვ.მ-ის ნაცვლად, აშენებულია 61 კვ.მ-ით ნაკლები, ანუ ფაქტობრივად − 2,744 კვ.მ საცხოვრებელი ფართობი. აღნიშნული მიუთითებს, რომ არ მიმდინარეობდა სათანადო ზედამხედველობა, მერიამ მიიღო სატენდერო წინადადებასთან შეუსაბამოდ შედგენილი პროექტი, არ გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და შეუსრულებელი სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან გადახდილია არანაკლებ 45,760 ლარით მეტი.
სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, ცალკეული სამუშაოს ერთეულის ფასი მოიცავს შრომითი დანახარჯების, მანქანების, მასალების, ექსკავატორის და სხვა სახის ხარჯებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხარჯთაღრიცხვაში ასახულია ცალკეული სამუშაოს ერთეულის ფასი, რაოდენობა და სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტებში, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს იდენტიფიცირების გარეშე, საერთო შესრულებული სამუშაოს ჯამურ ღირებულებაზე დასაბუთების გარეშე პროცენტულად დამატებით დარიცხული და გადახდილია, მიმწოდებელზე სატრანსპორტო ხარჯი − 37,933 ლარი, მასზე დარიცხული ზედნადები ხარჯების და მოგების ჩათვლით, ჯამში − 45,064 ლარი. ამ დროს აღნიშნული სახით ტრანსპორტის ხარჯების დამატებით დარიცხვას მოქმედი რეგულაციები არ ითვალისწინებს და ეს თანხა მუნიციპალიტეტს არ უნდა აენაზღაურებინა,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.