მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნინოს მშრალი ხილი" - გზა ოჯახური ბიზნესიდან სერიულ წარმოებამდე

ჩურჩხელა ნინო
სტატიაში საუბარია:

უკვე ხუთი წელია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში "ნინოს მშრალი ხილის" საწარმო ოპერირებს და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ხილის ჩირებს, ჩიფსებსა და ჩურჩხელას აწარმოებს. "ქალების ნარატივში" ბიზნესის ისტორიაზე საუბრისას, ბრენდის დამფუძნებელი, ნინო გაბრიაძე იხსენებს, რომ პირველი საწარმო მისსავე სახლში 20 კვ.მ. ფართობზე აამუშავა. საწარმოსთვის საჭირო დანადგარების შეძენა კი გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) მიღებული გრანტით შეძლო. პირველი ნაბიჯი ჩირის წარმოება იყო, მოგვიანებით კი ასორტიმენტს ჩურჩხელაც დაემატა, ჯერ კლასიკური, მოგვიანებით კი მანდარინის შიგთავსით.

"თავდაპირველად ჩირების მრავალფეროვანი არჩევანი გვქონდა, აბსოლუტურად ყველანაირ ხილს ვაშრობდით, თუმცა საბოლოოდ ისევ ადგილობრივ ხილზე, ქლიავსა და ხურმაზე შევჯერდით. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ აღარ მაძლევს საშუალებას სხვა ხილზეც ვიმუშაო. ამავე დროს მზარდია მოთხოვნა ჩურჩხელაზეც. აჭარის მასშტაბით მდებარე დიდ ქსელურ სასტუმროებსა და მაღაზიებში შევედით და ამან მომხმარებლების რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. ძალიან ბევრი იცნობს უკვე ჩემს ჩურჩხელას", - ამბობს "ნინოს მშრალი ხილის" დამფუძნებელი, ნინო გაბრიაძე.

მზარდმა მოთხოვნამ ასეთივე მასშტაბის მიწოდების საჭიროება გააჩინა. 2023 წელს ნინომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსება მიიღო. გრანტის მიმღების თანამონაწილეობა 30% იყო, რისი დაფარვაც მეწარმემ "ტერაბანკისგან" მიწით უზრუნველყოფილი აგრო სესხის აღებით შეძლო. ოჯახური ბიზნესი გაფართოვდა და სერიული წარმოების სახე მიიღო.

"გრანტისა და სესხის ერთობლიობით 120 კვ.მ. ფართობზე ახალი საწარმო ავაშენეთ, სადაც უკვე ხუთ ადგილობრივ ქალს ვასაქმებ. საწარმოო რესურსებიდან გამომდინარე დღეში დაახლოებით 800 ჩურჩხელას წარმოება შეგვიძლია, რადგან პროექტის ფარგლებში საშრობებიც დავამატეთ", - ამბობს ნინო გაბრიაძე.

ბიზნესის განვითარების კვალდაკვალ "ნინოს მშრალი ხილის" საწარმო ხელვაჩაურში აგროტურიზმის ცენტრადაც იქცა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აჭარაში ჩასული ვიზიტორები მას ხშირად სტუმრობენ და ქართული ტრადიციული ნუგბარის მომზადების პროცესში პირადად ერთვებიან.

"ტურისტებს ძალიან მოსწონთ ჩურჩხელის მასტერკლასები და ყოველთვის აღფრთოვანებულები მიდიან. ზოგჯერ ისინი გიდებს მოჰყავთ, თუმცა ხშირად თვითდინებითაც გვსტუმრობენ. ვიზიტორების რაოდენობა მუდმივად მზარდ დინამიკას აჩვენებს და ცხადია, ეს ჩვენს რიცხობრივ შედეგებზეც ისახება. ყოველწლიურად ბიზნესი ბრუნვისა და მოგებიანობის მაჩვენებლებს აუმჯობესებს. გარდა ამისა, როდესაც ტურისტები ჩვენს საწარმოში მოდიან, აქედან წასვლა აღარ უნდათ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სამომავლოდ ვფიქრობ, აგროტურიზმის მიმართულება მეტად განვავითარო და კოტეჯები ავაშენო", - აღნიშნავს "ნინოს მშრალი ხილის" დამფუძნებელი.

ცნობისთვის: 2014 წელს ნინო გაბრიაძემ გაეროს განვითარების პროექტში „სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა აჭარაში“ ჩაერთო. ჯერ ტრენინგები გაიარა, შემდეგ კი საგრანტო კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა და მანდარინის ჩიფსის პროექტით გაიმარჯვა კიდეც. 2018 წელს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დახმარებით, მონაწილეობა მიიღო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენინგები „როგორ ვმართოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ გაიარა. მოგვიანებით მან საგრანტო კონკურსშიც გაიმარჯვა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდი "ტასოსგან" გრანტი მიიღო და მეურნეობა კაპიტალურად შემოღობა. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დახმარებით კი მეწარმემ ბრენდის ლოგო შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები