მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში "დალოოდის" ახალი შოურუმი და კაფე გაიხსნა - ინვესტიცია $600 000-ია

დალოოდი

ქართულმა მოდის ბრენდმა "დალოოდმა" სულ ცოტა ხნის წინ ვერაზე, ახალი სივრცე გახსნა, რომელიც შოურუმთან ერთად კაფეს კონცეფციასაც აერთიანებს და მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.

ბრენდის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა მაკა კვიციანმა BMGtv-ის გადაცემა "ქალების ნარატივში" ახალი კონცეფციის მქონე სივრცის შექმნის ისტორიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ზრდისა და განვითარების უწყვეტმა პროცესმა ბრენდი გაფართოების აუცილებლობამდე მიიყვანა. გაფართოებაში კი, არა მხოლოდ ფართის მოცულობის ზრდა, არამედ მასში ახალი ელემენტების შეტანაც მოიაზრებოდა.

ახალი სივრცის შესაქმნელად განსაკუთრებული ყურადღება ლოკაციაზე გამახვილდა. როგორც მაკა კვიციანი იხსენებს, Dalood-ის პირველი მაღაზია მაშინ, როდესაც ბრენდს სათავეში დედა, ნანა შუკვანი ედგა, კოსტავას ქუჩაზე იყო. ამის შემდეგ "დალოოდმა" ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლა, თუმცა, ძველი ადგილის ნოსტალგია მუდმივად ჰქონდათ. ძებნის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის შემდეგ კი, ახვლედიანის ქუჩაზე იპოვა სახლი, რომელიც როგორც ამბობს, იმ უნიკალური თბილისური კულტურის მატარებელი იყო, რასაც ეძებდნენ. ორი წლის განმავლობაში სახლის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობდა, თანაც ისე, რომ მაქსიმალურად ცდილობდნენ, მისი სიძველე და პირვანდელი იერსახე შეენარჩუნებინათ.

ამ ორი წლის განმავლობაში სახლის რეაბილიტაციასა და შემდგომ, იქ შოურუმისა და კაფეს მოწყობისთვის 600 000 დოლარზე მეტი დაიხარჯა. "დალოოდის" კრეატიული დირექტორის თქმით, ამ თანხის ნაწილი კერძო ინვესტიცია, ნაწილი კი ბანკიდან აღებული სესხია.

"ასეთი Flagship Store, ე.წ. "ძირითადი მაღაზიები" საერთაშორისო ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენი სახეა და ყველა ხედავს, თუ საიდან მოვდივართ. ამ პროექტზე მე და ეკა პაპამაიკლმა ვიმუშავეთ, ეკა არის ამ ყველაფრის დიზაინერი. ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა, გვინდოდა ძველებური, თბილისური ატმოსფეროს შექმნა. ავეჯი, განათება… ყველაფერი არის ვინტაჟი ან უშუალოდ "დალოოდისთვის" შექმნილი. ინტერიერის ავეჯისა და აქსესუარების ნაწილი იტალიაში, ნაწილი კი საქართველოში არის დამზადებული", - აღნიშნავს "დალოოდის" კრეატიული დირექტორი, მაკა კვიციანი.

მაკა კვიციანის თქმით, "დალოოდის" განახლებულ შოურუმ-მაღაზიაში მომხმარებელს არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ სხვადასხვა ნივთებისა და აქსესუარების შეძენაც შეუძლია.

"დავამატეთ ინტერიერის პატარ-პატარა ნივთები, სანთლები, ოთახის სუნამო, ასევე შარფები. ახლა ემატება ქუდები, ჩანთები და ა.შ. სიახლეა ისიც, რომ ადგილზე ტანსაცმლის სხვადასხვა ზომა უკვე ხელმისაწვდომია, დიდი ზომების შემთხვევაში კი კერძო შეკვეთებს ვიღებთ.

საფასო პოლიტიკა არ არის ისეთი, როგორიც მე მინდა რომ იყოს, მაგრამ ძალიან ვცდილობთ ის ფასები შევინარჩუნოთ, რომ ხელმისაწვდომობა არ დავკარგოთ და მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის არ ვკეროთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი მომხმარებელი, ამიტომ მას ძალიან ვუფრთხილდები. ვცდილობ, კოლექციაც ჩავშალო და იყოს შედარებით ძვირიც და საშუალოც. სამწუხაროდ იაფი არ გამოგვდის, რადგან ის ნედლეული, რასაც ვიყენებთ, სრულად იმპორტირებულია, - განმარტავს მაკა კვიციანი.

რაც შეეხება "დალოოდის" კაფეს, ის დაახლოებით 70 ადამიანზე გათვლილი სივრცეა, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე ევროპული კერძების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, მათ შორის თავად მაკა კვიციანის რეცეპტებით შექმნილი კერძებიც არის.

როგორც მაკა კვიციანი განმარტავს, ჯერ-ჯერობით ორიენტირი მხოლოდ ლანჩზე და სადილზე აქვთ და კაფეც შესაბამისად, 12:00-დან 00:00-მდე მუშაობს. თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ სამომავლო პერსპექტივაში საუზმის დამატებასაც გეგმავენ.

"დალოოდის" კაფე - ეს არის ულამაზესი სივრცე, სადაც არა მხოლოდ წასახემსებლად ან კარგად დასანაყრებლად მოხვალ, არამედ შეგიძლია ეს სივრცე საქმიანი შეხვედრისთვისაც გამოიყენო, ან დაპატიჟო ის უცხოელი ვიზიტორი, რომელსაც გინდა რომ თბილისი გააცნო. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ბარის ნაწილი. ქართულთან ერთად ისეთი ევროპული ღვინოც გვაქვს, რაც თბილისში არსებული სხვა შეთავაზებებისგან განსხვავებულია. ამ ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაფერი ძალიან მისაღებ ფასებშია და გარემოზე მაქსიმალურად მორგებულია", - განაცხადა "დალოოდის" დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, მაკა კვიციანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები