მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

29.3 ათასით ნაკლები თვითდასაქმებული - რამ გაზარდა უმუშევრობა II კვარტალში?

უმუშევრობა

2025 წლის II კვარტალში საქართველოში თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29.3 ათასით შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ სამუშაო ძალის მაჩვენებლებშია აღნიშნული.

ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.3 პროცენტი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, უმუშევრობის ზრდა თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლებამ განაპირობა, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულთა რაოდენობა პირიქით გაიზარდა. 2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 4.7 ათასი კაცით (0.5%) და 940.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29.3 ათასით შემცირდა (6.5%) და 422.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 7.9 ათასით (3.6%) და 227.6 ათასი შეადგინა.

საქსტატის მიხედვით, უმუშევრობის მატება გენდერულ ჭრილში ძირითადად ქალი დასაქმებულების რაოდენობის კლებამ განაპირობა.

საქსტატის თანახმად, კაცებში უმუშევრობა უცვლელად 15.9%-ზე შენარჩუნდა, თუმცა ქალებში ის წინა წელს არსებული 10.9%-დან 12.2%-მდე გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, შემცირებულია ქალებში როგორც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა. კერძოდ, თუკი 2024 წლის მეორე კვარტალში 486.6 ათასი ქალი იყო დაქირავებით დასაქმებული წელს ეს რიცხვი 7.6 ათასით არის შემცირებული 479 ათასამდე.

ხოლო თვითდასაქმებული ქალების რიცხვი 2024 წლის მეორე კვარტალში არსებული 139.8 ათასიდან წელს 13.1 ათასით შემცირდა და 126.7 ათასი შეადგინა.

შესაბამისად, მთლიანობაში ქალი დასაქმებულების რიცხვი წინა წელს არსებული 626.6 ათასიდან 20.9 ათასით 605.7 ათასამდე შემცირდა.

რაც შეეხება კაცებს, 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით დასაქმებულად ითვლება 760.6 ათასი კაცი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6 ათასით მეტია, მათ შორის დაქირავებულთა რიცხვი წლიურად 12.4 ათასით არის შემცირებული 461.5 ათასამდე, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 16.2 ათასით გაიზარდა 295.5 ათასამდე.

საქსტატის მიხედვით, თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლების გამო, 2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69 პროცენტი შეადგინა.

მხოლოდ თვითდასაქმებულთა რიცხვი შემცირდა, დაქირავებულთა რაოდენობა კი გაიზარდა - კობახიძე უმუშევრობაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები