"ქართული ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმუშევრობის მატება 2025 წლის მეორე კვარტალში მხოლოდ თვითდასაქმებულთა რიცხვის კლებამ განაპირობა, დაქირავებულთა რიცხვი კი გაიზარდა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.3 პროცენტი შეადგინა.
"მხოლოდ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, დაქირავებით დასაქმებულებს რაც შეეხება და ეს არის მთავარი ინდიკატორი ეკონომიკის ზრდის, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროში, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ ის ცვლილებები რაც ხორციელდება, მათ შორის, ოპტიმიზაციის მიმართულებით, არამარტო შტატების, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, ახალი ინიციატივების შეთავაზებით, წელსაც უკვე გამოჩნდება სიახლეები, მაგრამ მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობის ზრდა თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლებამ განაპირობა, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულთა რაოდენობა პირიქით გაიზარდა. 2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 4.7 ათასი კაცით (0.5%) და 940.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29.3 ათასით შემცირდა (6.5%) და 422.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 7.9 ათასით (3.6%) და 227.6 ათასი შეადგინა.
საქსტატის მიხედვით, თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლების გამო, 2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69 პროცენტი შეადგინა.




























