იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა. შედეგად, პრაქტიკულად ყველა გადამზიდ კომპანიას მოუწია ოპერირების ალტერნატიული მარშრუტებით გაგრძელება, რაც ზრდის გადაზიდვის დროს და ამასთან ფასსაც.
Sofmar-ის დამფუძნებელი, ვახტანგ ალანია BMGtv-ის გადაცემაში ,,საქმიანი დილა" ამბობს, რომ შავი ზღვიდან ჩინეთის მიმართულებით საექსპორტო კონტეინერების გადაზიდვის ფასი 600-900 დოლარით, ხოლო საიმპორტო კონტეინერების 2-2.5-ჯერ გაიზარდა.
,, ჩვენ, არ ვსაუბრობთ მომავალზე, თუ როგორი ასახვა ექნება წითელი ზღვის შეცვლილ მარშრუტს. ასახვა უკვე სახეზეა. დღეს, ექსპორტის კონტეინერის ფასი 600-900 დოლარით გაიზარდა, იმპორტი კი 2-2.5-ჯერ. დღეს ჩინეთიდან შავ ზღვამდე 20-ფუტიანი კონტეინერი ღირს 3000 დოლარი და 40-ფუტიანი კონტეინერი ღირს 5 000 ლარი. პანდემიის შემდეგ, რაც ფასები დარეგულირდა, ეს გამოდის მეორე ტალღასავითაა და ძალიან ურტყამს ეკონომიკას. ფასები მკვეთრად არა, თუმცა გაიზრდება. მოსახლეობაც და ბიზნესიც ვიგრძნობთ ამ გაზრდას.
ამის ასახვა თვითღირებულებაზე ერთ თვეში, თვე ნახევარში მოხდება. 3-4 თვეში კი, სიტუაცია უფრო გართულდება. მწარმოებლებს ჩინეთამდე გადაზიდვა გაუძვირდებათ, რაც ნაკლებ შემოსავლიანობას და მოგებიანობას გამოიწვევს. ეს კი ცხადია, მყისიერად აისახება ეკონომიკაზე. აქამდე ჩინეთიდან ფოთამდე თუ თვე ნახევარი იყო საკმარისი, დღეს უკვე, სამ თვეზე მეტია საჭირო. უამინდობა, აფრიკის რთული შემოვლითი გზა, ზრდის დროსაც და ხარჯებსა" - განაცხადა ალანიამ.
წამყვანის კითხვაზე, კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, რა დროში დაუბრუნდება ფასები ძველ ნიშნულს, მალანია ამბობს, რომ ამისთვის მინიმუმ სამი თვეა საჭიროა.
"სამწუხაროდ, ვერ დაბრუნდება. რომ წარმოვიდგინოთ, რომ კრიზისი 1 დღეში გადაწყდა, ფასების ძველ ნიშნულთან დაბრუნებას 3 თვე მაინც დასჭირდება.ჩვენ, როცა ვუკვეთავთ გემს ჩინეთიდან ფოთამდე ეს არ კეთდება ერთ დღეში, გრძელი ჯაჭვია," - თქვა ვახტანგ ალანიამ.
შეგახსენებთ, წითელ ზღვაში უსაფრთხოების დასაცავად აშშ-ის სამხედრო ხომალდები უკვე განლაგდნენ, მაგრამ კომპანიებს მაინც უწევთ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად აფრიკას შემოუარონ. Reuters-ის ინფორმაციით, გემების მარშრუტის ამგვარი დაგრძელება, ავტომატურად იწვევს ტრანსპორტირების გაძვირებას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის 11 თვეში საგარეო ვაჭრობამ ჯამში 19,612 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 32,4% საზღვაო ტრანსპორტზე მოდის.