მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3-5 დეკემბერს, ბათუმში საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ გაიმართება

გასტრო
30.11.23 08:26
1257

3-5 დეკემბერს, ბათუმი პირველ საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების ფრანგი, ბელგიელი, ლატვიელი შეფები და რესტორატორები თურქ და ქართველ სპიკერებთან ერთად გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ. ადგილობრივი შეფებისთვის კი კერძების მომზადების მასტერკლასები ჩატარდება.

ფორუმის პირველ დღე ისეთ თემებს დაეთმობა, როგორიცაა განათლების როლი გასტრონომიის განვითარებაში, კულინარიული ექსპერიმენტები შეფებისგან და ავთენტიკური კერძების პოპულარიზება, გასტრონომიის როლი და განვითარება კურორტებსა და რეზორტებში, გასტრონომიული კონფერენციების, კულინარიული შეჯიბრების შედეგები და მნიშვნელობა, ბასკეთის მაგალითი „როგორ შეიძლება იქცეს რეგიონი გასტრონომიის მექად“, უძველესი ქართული გასტრონომიული კულტურა და სხვა. ფორუმის მეორე და მესამე დღეს კი დაგეგმილია კულინარიულ მასტერკლასები, სადაც უცხოელი შეფები ადგილობრივი შეფ-მზარეულებისთვის თევზის, ხორცისა და სოუსების მომზადების მასტერკლასებს ჩაატარებენ. ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადება. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge -ზე შეეძლებათ.

ევროპელ შეფებთან ერთად ფორუმზე სპიკერებადაა მოწვეული PALOMA finesse hotels პალომას სასტუმროების აღმასრულებელი შეფი თურქეთიდან, FERRANDI – Paris სკოლის (გასტრონომია და ტურიზმი) საერთაშორისო ურთიერობების მენეჯერი საფრანგეთიდან, ქართველი შეფები და რესტორატორები გიორგი ნინუა, გურამ ბაღდოშვილი და გასტრონომიის მკვლევარი, ექსპერტი დალილა ცატავა. ფორუმზე დასწრება შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია

ღონისძიების ორგანიზატორები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და "ქართული სამზარეულოს განვითარების და პოპულარიზაციის ასოციაცია".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები