მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 დიდი ჰესიდან პირველი ხუდონი აშენდება - დღეს გავიგეთ, რომ მტკიცე გადაწყვეტილება მიღებულია|მაია მელიქიძე

მელიქიძე ზარდიაშვილი

მტკიცე გადაწყვეტილება მიღებულია, სამი დიდი ჰესიდან [ხუდონი, ნენსკრა, ნამოხვანი] პირველი ხუდონი აშენდება - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძე bm.ge-სთან განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია 702 მეგავატიან ჰიდროელექტროსადგურზე, რომლის მშენებლობაც პრინციპულად გადაწყვეტილია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.ღონისძიება „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებმა მიიღეს.

მელიქიძემ bm.ge-სთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, პროექტის განხორციელება შესაძლებელია რამდენიმე მოდელით. სახელმწიფოსა და ინვესტორის ერთობლივი მონაწილეობით, მხოლოდ კერძო ინვესტორის მიერ ან სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლად. ამ ეტაპზე სახელმწიფოს განსახილველად რამდენიმე ტექნიკურად მომზადებული პროექტი აქვს და არჩევანი გაკეთდება იმ ვარიანტზე, რომელიც გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას მოახდენს.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნამოხვანის, ნესკრასა და ხუდონის პროექტებს. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებულია ხუდონის 702 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე. პროექტის განხორციელება შესაძლებელია როგორც ინვესტორის, ისე სახელმწიფოს, ან მათი კომბინირებული მონაწილეობით.

ხელმძღვანელობა ამჟამად იკვლევს ტექნიკურად დახვეწილ პროექტებს, რათა აირჩიოს ისეთი, რომელიც ნაკლები ზიანს აყენებს და ნაკლებ რისკს ქმნის გარემოსთვის. ასევე განიხილეს ქსელთან დაკავშირებული საკითხები, სტაბილურობისა და შეზღუდვების გათვალისწინებით. ბირჟის სისტემის დეტალებზე ცალკე შეხვედრა იქნება.

პროექტების რეალისტურობა დამოკიდებული იქნება ინვესტორთა განაცხადებზე რამდენი პროექტის განხორციელება შეუძლიათ. დღეს, შეხვედრაზე ახალი რაც გავიგეთ იყო ის, რომ საბოლოო და მტკიცე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია ხუდონი აშენდება და იქნება 702 მეგავატიანი, რაც მნიშვნელოვანი შედეგი იქნება ქვეყნის ენერგეტიკულ სფეროში", - განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე განხილვების მთავარი მიმართულება ქვეყნის დადგმული სიმძლავრეების ზრდაა, რაც ორ ფაზად იგეგმება: პირველი ფაზა 2026-2031 წლებს მოიცავს, ხოლო მეორე – 2031-2036 წლებს. საბოლოო მიზანი 2036 წლისთვის დადგმული სიმძლავრეების 11 500 მეგავატამდე გაზრდაა, რაც უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის ენერგეტიკულ თვითკმარობას, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, მთავრობას ხუდონჰესის პროექტის ინვესტორი კომპანია "ტრანსელექტრიკისგან" გამოსყიდვა 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა. 2023 წელს, ეკონომიკის იმჟამინდელი მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ ხუდონჰესი შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე აშენდეს, რათა სოფელი არ დაიტბოროს. ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები