ხუდონჰესის პირველადი პროექტის შესწავლა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მუშაობა უკვე დაწყებულია და მარტის ბოლოს, ან აპრილში შედეგი აუცილებლად იქნება.
„ხუდონჰესთან დაკავშირებით დღეს უკვე მიდის ექსპერტიზა. ანუ, პროექტის შეფასება, არსებული მოდელის შეფასება, რომელიც გულისხმობდა ხაიშის თემის დატბორვას, ის ქმნიდა პრობლემებს მოსახლეობასთან. პრემიერის განწყობა იცით, რომ მოხდეს პროექტის შესწავლა იმგვარად, რომ თავიდან ავირიდოთ არასასურველი ფაქტი. მუშაობა უკვე დაწყებულია და იმედი გვაქვს, რომ მარტის ბოლოს გვექნება შედეგები, აპრილის ბოლოს აუცილებლად იქნება, რაც გულისხმობს ჰესის ახალ ლოკაციას. ეს თავიდან აგვარიდებს სოფლის დატბორვას და მეორე მხრივ, ეს იქნება იმგვარი გადაწყვეტილება, რომ ენერგოსისტემას და ენერგოპერსპექტივებს არ დააზიანებს. შესაძლოა, მართლაც შემცირდეს დადგმული სიმძლავრე, მაგრამ ჰქონდეს საკმაოდ მაღალი გამომუშავება, რაც ჩვენი მიზანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
განცხადება ხუდინზე დღეს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. მისი თქმით, მიდის მუშაობა პროექტის მოდიფიცირებაზე და თუკი ჰესი აშენდება, სოფლის, ეკლესიის, საფლავების დატბორვა აუცილებელი აღარ უნდა იყოს.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით, იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, მთავრობას ხუდონჰესის პროექტის ინვესტორისგან გამოსყიდვა 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ინვესტორთან მოლაპარაკებების პროცესში მთავრობას იურიდიული ფირმა Hogan Lovells-ი ჰყავდა ჩართული.
ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა.