საქართველოს მთავრობა კერძო სექტორის მიერ ჩაუბარებელ ყურძენს ფერმერებისგან წელსაც შეისყიდის, მაგრამ ფასი სამ კატეგორიად დაიყოფა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, შესასყიდ ფასებს, შაქრიანობის მიხედვით, სახელმწიფო განსაზღვრავს, რაც სიახლეა, რადგან შარშან მხოლოდ საფერავსა და სხვა ჯიშის ყურძენზე მხოლოდ ერთი ფასი იყო დადგენილი.
როგორც BMG-ის კითხვების პასუხად, ღვინის ეროვნული სააგენტოდან მოგვწერეს, ფასების დიფერენცირება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის პროცენტული მაჩვენებლით მოხდება.
“თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ფასი 1.30 ლარია; 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი.
რაც შეეხება საფერავს, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე - 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი”, - აცხადებენ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ რთველის 2025-ის ფარგლებში მთავრობას, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით, 145 742 918 კილოგრამი ყურძნის შეძენა მოუწია, რითაც ბიუჯეტის 241 მილიონი ლარი დახარჯა. რაც შეეხება, რთველი 2026 წლის სუბსიდირების პოტენციურ ბიუჯეტს, ღვინის სააგენტოში განმარტავენ, რომ კონკრეტული რიცხვების დასახელება ამ ეტაპზე ნაადრევია.
BMG: 2026 წელსაც, თუ ყურძნის მოსავლიანობამ კერძო სექტორის მოთხოვნას გადააჭარბა, არის თუ არა სახელმწიფო მზად, წელსაც ბიუჯეტიდან 200 მილიონზე მეტი თანხა დახარჯოს ყურძნის შესასყიდად? ასევე, გვაინტერესებს, როგორია ღვინის ეროვნული სააგენტოს მოლოდინი რთველი 2026 წლისთვის - დაახლოებით, რამდენი მილიონი ლარის რამდენი კგ ყურძნის შესყიდვა მოუწევს სახელმწიფოს?
ღვინის ეროვნული სააგენტო: სახელმწიფო აგრძელებს სოციალურ მხარდაჭერას ფერმერების მიმართ და 2026 წლის რთველის დროსაც, გასული წლების ანალოგიურად, არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. აგროვადების გათვალისწინებით, ვინაიდან ამ დროისთვის არ არის ცნობილი ყურძნის მოსავლის საპროგნოზო რაოდენობა, ან ეტაპზე ნაადრევია სახელმწიფოს მხრიდან რთველის დროს დანახარჯების მოცულობაზე საუბარი.
"სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტია" - დავით სონღულაშვილი
მთავრობამ 2026 წლის რთველისთვის ჯერ მხოლოდ ერთი განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად, 2026 წელს რთველის სუბსიდირებაზე 60 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.
ცნობისთვის: რთველის 2025-ს ფარგლებში მთავრობას, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით, 145 742 918 კილოგრამი ყურძნის შეძენა მოუწია, რადგან კერძო სექტორს არ სჭირდებოდა. 2025 წლის რთველის სუბსიდირებისთვის მთავრობას თავდაპირველად 60 მილიონი ლარი ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა ფაქტობრივი ხარჯი ამაზე 3.5-ჯერ მეტი იყო - 220 მილიონი ლარი. აღნიშნული სუბსიდიით სახელმწიფო კომპანია მევენახეებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად, რქაწითელსა და სხვა ჯიშის ყურძენს კი 1.2 ლარად იბარებდა.



























