მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 სისხლის ბანკის ჩამოყალიბება იგეგმება, მათგან 1 აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო - თამარ გაბუნია

62829c32ef047
BM.GE
16.05.22 23:11
1125
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ახალი კანონპროექტის თანახმად 3 სისხლის ბანკის ჩამოყალიბება იგეგმება, მათგან 1 აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული.

აღნიშნულის შესახებ გაბუნიამ ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის და უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში განაცხადა.

„კანონპროექტის მომზადება მოტივირებულია იმ გარემოებებით, რომ ქვეყანაში სისხლის უსაფრთხოების სისტემა ძირეულ განახლებას საჭიროებს. ეს ვალდებულება ასევე განსაზღვრულია საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო გარემო, რომელიც ქვეყანაში არეგულირებს სისხლის უსაფრთხოების სისტემას შესაბამისობაში მოვიდეს ევრო დირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონი, რომელიც დღეისათვის სისხლის კომპონენტების და დონორობის საკითხებს არეგულირებს, 1995 წელს არის მიღებული და ბუნებრივია, მთელი რიგი ასპექტები განახლებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას საჭიროებს.

ქვეყანაში არსებული სისხლის სისტემა მრავალკომპონენტიანია და მიმწოდებლების რაოდენობა 24-ს აღწევს. რაც განსხვავდება საერთაშორისო პრაქტიკისგან ევროპის ქვეყნებში. სისხლის სისტემა ცენტრალიზებულია რაც იმის გარანტია, რომ სისხლის წარმოება, მისი დისტრიბუცია, დონორების შერჩევა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხდებოდეს“, - განაცხადა მან.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კანონპროექტის მიზნებში კომერციული ინტერესებისგან სისხლის წარმოების და დონაციის სრულად გათავისუფლებაც შედის.

„ამისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის დაწესებულების ფუნქციონირებას მხოლოდ არასამეწარმეო, არაკომერციული პირის სტატუსით, როცა დღეს ე.წ. სისხლის ბანკების უმრავლესობა კერძო დაწესებულებები გახლავთ, ასევე საუბარია უანგარო დონაციის პრაქტიკის დანერგვაზე, დონაცია ნებაყოფლობითი, ანაზღაურების გარეშე და ანონიმური უნდა იყოს. დღევანდელი მდგომარეობით წელიწადში 85-90 ათასი დონაცია ტარდება, აქედან 41% უანგარო დონაციაა, 42% ანაზღაურებადი დონაციაა და 16% ნათესაური დონაციაა. კანონპროექტის მიხედვით, უანგარო დონაციის სისტემაზე გადასვლა გარდამავალი პერიოდის შემდეგ მოხდება“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, კანონპროექტის შედეგად სისხლის დონორობის და რეციპიენტის უფლებასთან და პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება და სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში კომპეტენტური ორგანო ჩამოყალიბდება.

„სისხლის და მისი კომპონენტების, ასევე სისხლის პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფაზე დიდი აქცენტი კეთდება. დღეს ცენტრალური ე.წ კომპეტენტური ორგანო, როგორც ეს ევრო დირექტივაშია მითითებული, ქვეყანაში ერთიანი სახით არ ფუნქციონირებს. ეს ფუნქციები ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მარეგულირებელს შორისაა გადანაწილებული. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი კომპეტენტური ორგანოს ჩამოყალიბებას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება: სისხლის უსაფრთხოების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფაზე, სისხლის პროდუქტების მიკვლევადობაზე, გვერდითი მოვლენების და რეაქციების აღრიცხვასა და შესაბამის რეაგირებაზე. სისხლის დაწესებულებების რეორგანიზაცია არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსით 2024 წლის 1 იანვრიდან არის განსაზღვრული.

კანონპროექტის თანახმად 3 სისხლის ბანკის, ანუ ცენტრალური მოწყობის სისტემის ჩამოყალიბება იგეგმება, რომლის ფარგლებში 3 არაკომერციული არასამეწარმეო ფორმით დაფუძნებული იქნება მათგან 1 აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ, ხოლო დანარჩენი 2 შეიძლება იყოს სხვა კერძო სუბიექტის მიერ დაფუძნებული. დონაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ანაზღაურების გარეშე და ანონიმური და ეს ძირითადი პრინციპი გასდევს კანონპროექტს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები