მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$30 მლნ ინვესტიციით კურორტ გოდერძიზე სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ იხსნება

6002f5b67f8c6
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.21 20:04
8908
30 მლნ დოლარის ღირებულების 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ ოფიციალურად 5 თებერვალს გაიხსნება. ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა თამარ გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სასტუმროს გახსნა დეკემბერში იგეგმებოდა, თუმცა მთავრობის მიერ ზამთრის კურორტების მიმართულებით 28 ნოემბერს ამოქმედებულმა რეგულაციებმა კომპანიის გეგმები შეცვალა და სასტუმროს გახსნა შეაფერხა.

„რეგულაციებიდან გამომდინარე საბაგიროები დახურულია და ველოდებით, რომ თებერვლიდან გაიხსნება, თუმცა თუ ეს ასე არ მოხდა, საწყის ეტაპზე სხვადასხვა პარტნიორი კომპანიებისთვის სასტუმროს გაცნობის მიზნით მოეწყობა ინფოტურები“, - აღნიშნა სასტუმროს ხელმძღვანელმა.

თამარ გამყრელიძის ინფორმაციით, სასტუმრო 2 კორპუსიანია, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კორპუსი ამოქმედდება.

5 თებერვალს სასტუმროს ერთი კორპუსი გაიხსნება, რომელშიც 125 ნომერია. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ დახურული აუზისა და სპა-ცენტრის, ღამის კლუბის, საციგურაო მოედნის, სათხილამურო მაღაზიის, საბავშვო ოთახისა და რესტორნის მომსახურება. სასტუმროს ექნება ასევე ტრანსპორტირების სერვისი ბათუმიდან მაღალი გამავლობის მანქანით და ასევე ვერტმფრენით“, - განაცხადა თამარ გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სასტუმროს მიმართ ინტერესი საზოგადოების მხრიდან დიდია, თუმცა ჯავშნების მიღება ჯერ არ დაუწყიათ.  

„პირველ ეტაპზე სასტუმროში განთავსების ღირებულება არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით 230 ლარიდან 300 ლარამდე იქნება, შემდეგში შევხედავთ მდგომარეობას.

პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, რადგან ეს ადგილი გამორჩეულია საქართველოს სამთო კუროტებისგან. სასტუმრო ახალი და განსხვევაბულია. საინფორმაციო კამპანია მხოლოდ დღეს დავიწყეთ და საზოგადოების ინტერესი საკმაოდ მაღალია, თუმცა ველოდებით რეგულაციებიდან გამომდინარე რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ჯავშნების მიღებას ამის შემდეგ შევძლებთ“, - უთხრა BM.GE-ის თამარ გამყრელიძემ.

„ამბასადორი გოდერძის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე სასტუმრო 120 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 300 ადამიანამდე გაიზრდება.

კითხვაზე - როდის ამოქმედდება სასტუმრო სრულად, თამარ გამყრელიძე აცხადებს, რომ 270-280 ნომრიანი სასტუმრო მომავალი სათხილამურო სეზონიდან სტუმრებს სრული დატვირთვით მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები