ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, დღეს, დილის 6 საათზე, დაჩქარებული წესით დაამტკიცა “რუსულ-აფხაზური შეთანხმება” ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. აფხაზური მედიის ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 28 დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. სოხუმში, ე.წ. პარლამენტის შენობასთან ხალხი იკრიბება. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ "აფხაზეთის დამოუკიდებლობა დასრულდა".
"30-წლიანი დამოუკიდებლობა დასრულდა. დასრულდა გამარჯვების ეპოქა. ბოდიში ძმებო და დებო, რომლებმაც თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაწირეთ. ჩვენ ყველაფერი გავაფუჭეთ!", - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.
"აფსუა, როგორც ერი აღარ არსებობს, ჩვენ არავინ ვართ. აი, რას მიაღწია ჩვენმა ხელისუფლებამ. გვაჩვენა, რომ აფხაზი ერი არ არსებობს", - წერს სოციალურ ქსელში სოხუმის მცხოვრები.
"სასტიკი სიმართლე. აფხაზი ხალხისთვის სხვა ხალხს არასდროს გაუგია. არავინ ცდილობდა ჩვენს მოსმენას, გაგებას. ახლა კი გამოჩნდა, რომ ჩვენი მთავრობაც არ გვისმენს", - წერს აფხაზი მოქალაქე.