გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება თავად ავრცელებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 30 ფაქტი მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა. 26 ფაქტია გამოვლენილი იმერეთში, 11 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 - შიდა ქართლში, 7 - კახეთში, ასევე 7 ფაქტია აღკვეთილი სამცხე-ჯავახეთში, 3-3 ფაქტი კი დაფიქსირდა ქვემო ქართლსა და აჭარაში.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 45 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 15 შემთხვევაში მონადირეებმა სანადირო იარაღების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს, 3 შემთხვევაში სამართალდამრღვევები, აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ და ა.შ.
უწყების ინფორმაციით, უკანონო საშუალებით, ხელნაკეთი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი) ნადირობის ფაქტებიც დაფიქსირდა. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში, სულ ამოღებულია 51 „მანოკი“.
„უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.