მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა, ზიანი ₾1.4 მილიონია|ზედამხედველობის შედეგები

ხრეშის მოპოვება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 1 360 000 ლარია.

"მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველაზე მეტი - 18 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში. 13 ფაქტი გამოვლენილია გურიაში, 11- ქვემო ქართლში, 8 - აჭარაში, ასევე 8 - მცხეთა-მთიანეთში, 7-7 - შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5 - კახეთში, 3 - სამცხე ჯავახეთში, 1 კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოართვეს.

წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. მაგალითად, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ",- აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები