მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თერგის კალაპოტიდან დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება გამოვლინდა

ქვიშა ხრეში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

კერძოდ, დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარე თერგის კალაპოტიდან უკანონოდ მოიპოვა 1000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 15 950 ლარი შეადგინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

"ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს და საფრთხეს უქმნის მდინარის ეკოსისტემას. მდინარის კალაპოტიდან ინერტული მასალის ჭარბმა და უკანონო მოპოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს კალაპოტის დეფორმირება, ნაპირების ჩამოშლა და ნიადაგის ეროზია, ასევე გაზარდოს დასახლებული პუნქტების დატბორვისა და ტერიტორიების წარეცხვის რისკი.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უწყება ოპერატიულად რეაგირებს, მათ შორის, სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე",- აღნიშნავენ დეპარტამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები