ხელოვნური ინტელექტი (AI) საზოგადოების ცხოვრების წესს რადიკალურად შეცვლის - ადამიანები კვირაში მხოლოდ 3.5 ან 4 დღე იმუშავებენ, დაამარცხებენ მძიმე დაავადებებს და 120 წლამდე იცოცხლებენ - ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში ჯეიმი დაიმონმა, JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა.
ინტერვიუში დაიმონმა დაადასტურა, რომ JPMorgan უკვე აქტიურად იყენებს AI-ს 600-მდე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის რისკების მართვის, თაღლითობის აღმოჩენის, მარკეტინგისა და იდეების გენერირებისთვის.
"ყოველ ჯერზე, როცა ვხვდებით ბიზნესმენებს და ვკითხულობთ: რას აკეთებთ თქვენი ბიზნესის გასაზრდელად? - ძალიან ხშირად პასუხი ტექნოლოგიის დამატებაა. ეს ტექნოლოგიის სხვადასხვა ფორმა შეიძლება იყოს, ახლა კი, სულ უფრო ხშირად AI-ა. ჩვენ ვიყენებთ AI-ს რისკების, თაღლითობის აღმოსაჩენად, მარკეტინგისთვის, ანდერრაიტინგისთვის, ჩანაწერების გასაკეთებლად, იდეების გენერირებისთვის, შეცდომების გამოსავლენად, შეცდომების შესამცირებლად. არსებობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების 600-მდე შემთხვევა, რომელთაგან 50-ს მნიშვნელოვან კატეგორიაში შევიტანდი. და ეს ის არის, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით, არაფრით განსხვავდება წარსულისგან.
თუ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ AI საქმის უკეთესად, უფრო სწრაფად, უფრო იაფად და მომხმარებლისთვის უფრო მაღალი ხარისხით გასაკეთებლად, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ასე რომ, AI ახალი ფრონტია და წინ შესანიშნავი რაღაცები გველოდება. ჩემი ვარაუდით, და ამას სრულიად სერიოზულად ვამბობ, 30 ან 40 წელიწადში თქვენი შვილები კვირაში 4 ან 3.5 დღე, 4 საათი იმუშავებენ, და 120 წლამდე იცოცხლებენ. კიბოს განკურნება შესაძლებელი გახდება, ბევრი დაავადება განიკურნება. საკვები უფრო უსაფრთხო იქნება, მანქანები - უფრო საიმედო. ეს შესანიშნავი რამ იქნება", - განაცხადა ჯეიმი დაიმონმა.
JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ხელოვნური ინტელექტის განვითარების რისკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიებმა და მთავრობებმა ნეგატიური შედეგების შემცირებაზე თავიდანვე უნდა იზრუნოს.
"რისკი, რაზეც ხალხი დღეს ფოკუსირდება, არის ის, რომ AI სწრაფად დაინერგება და ხალხს ადაპტაციისთვის დრო არ ექნება. ბევრი ადამიანი სამსახურს დაკარგავს. და ვფიქრობ, ეს ლეგიტიმური საწუხარია. ამიტომ კომპანიებმა უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდებიან ამას. მთავრობამ უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მივიღოთ AI-ის სარგებელი და შევამციროთ ნეგატიური შედეგები. და ეს ძირითადად იქნება გადამზადება, რეალოკაცია: როგორ გამოვიყენოთ ჩვენი სკოლები, კოლეჯები, რათა ხელახლა გადავამზადოთ ხალხი, თუნდაც ისინი, ვინც 40 ან 50 წლის არიან. ეს ყველაფერი შესაძლებელია, თუ დავფიქრდებით იმაზე, როგორ მოვემზადოთ", - ამბობს დაიმონი.




























