მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

36 ქვეყანა საქართველოს მთავრობას „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდებს - განცხადება

საპროტესტო აქცია

ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობას „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ წარმომადგენლობების ერთობლივ განცხადებაში წერია, რომელსაც ჟენევაში ლიეტუვის მუდმივი მისია X-ზე ავრცელებს. განცხადების ავტორები საქართველოს მთავრობას კანონის გაუქმებასთან ერთად მომიტინგეების დაშინების შეწყვეტისკენ და სამოქალაქო საზოგადოების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ.

“ვეხმაურებით უმაღლესი კომისრის მიერ მის გლობალურ ანგარიშში გაჟღერებულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან, განსაკუთრებით ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და კანონის უზენაესობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

კანონი გამიზნულია, რომ შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს მედიასაშუალებების, უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე, იმ მიზნით, რომ მათი ხმები ჩაახშოს.

კანონი ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილის უგულებელყოფით და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კანონპროექტის წინ წაწევისგან თავშეკავების არაერთი მოწოდების, მათ შორის, ვენეციის კომისიის დეტალური იურიდიული არგუმენტების მიუხედავად იქნა მიღებული.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, დაასრულოს დაშინების კამპანია მათ წინააღმდეგ, ვინც ამ კანონს ეწინააღმდეგება და დაიცვას გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.

სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიების ხერხემალია, რომელიც ანგარიშვალდებულების, ნამდვილი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენებისგან გამძლეობის უზრუნველყოფაში ეხმარება.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მთლიანად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგებიან, განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, რათა უზრუნველყოს დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციონერი აქტივისტების, ჟურნალისტებისა და სხვა მედია მუშაკების უსაფრთხოება და თავი შეიკავოს რიტორიკისგან, რომელსაც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციის კიდევ უფრო გამწვავება შეუძლია. სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების წინააღმდეგ ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია მიუღებელია და უნდა შეწყდეს”, - ნათქვამია 36 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ქვეყნები აწერენ:

  1. ალბანეთი
  2. ავსტრია
  3. ბელგია
  4. ბულგარეთი
  5. კანადა
  6. ხორვატია
  7. კვიპროსი
  8. ჩეხეთის რესპუბლიკა
  9. დანია
  10. ესტონეთი
  11. ფინეთი
  12. საფრანგეთი
  13. გერმანია
  14. საბერძნეთი
  15. ისლანდია
  16. ირლანდია
  17. იტალია
  18. ლატვია
  19. ლიხტენშტეინი
  20. ლიტვა
  21. ლუქსემბურგი
  22. მალტა
  23. მონაკო
  24. მონტენეგრო
  25. ნიდერლანდები
  26. ნორვეგია
  27. პოლონეთი
  28. პორტუგალია
  29. რუმინეთი
  30. სლოვენია
  31. ესპანეთი
  32. შვედეთი
  33. შვეიცარია
  34. უკრაინა
  35. გაერთიანებული სამეფო
  36. აშშ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები