საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ „უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში აბსოლუტურად ნეიტრალური ტერმინოლოგია არის გმოყენებული და არ არის დადგენილი არავითარი შეზღუდვები.
"სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციასთან დაკავშირებით“, - თქვა მან დღეს, ოზურგეთში მედიასთან.
მთავრობის მეთაურის თქმითვე, ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა შეიტანა განაცხადი რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი.
„არ ვიცი, რამდენია ჯამში იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, არა მგონია, რომ 500-ზე ბევრად მეტი იყოს. რეალურად, ამ ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა შეიტანა განაცხადი რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარ სტიგმატიზაციას ეს კანონი არ იწვევს. ამ კანონში არის გამოყენებული აბსოლუტურად ნეიტრალური ტერმინოლოგია, არ არის დადგენილი არავითარი შეზღუდვები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ სიმართლე პარლამენტის მხარეს არის.
„გრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები და მგონია, კიდევ უფრო მძიმე წუთები და საათები ელოდებათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, ერთი მიზეზი არის ის, რომ სიმართლე არის პარლამენტის მხარეს, რომელმაც მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და მეორე, აშკარად დისბალანსია კომპეტენციის თვალსაზრისით. ერთ მხარეს არიან გონიერი, კომპეტენტური იურისტები და მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე.
დეტალებში ვერ ვიქნები ჩართული, მე არ ვარ პარლამენტის წარმომადგენელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ეს ასე დეტალურად იყო განხილული ვფიქრობ, ეს იყო იდეალური გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარესაც იქნებოდნენ პოლიტიკოსები, რეალურად ეს განხილვა გადავიდოდა სამართლებრივი ჭრილიდან პოლიტიკურ ჭრილში, მაშინ როდესაც უმჯობესი იყო, რა თქმა უნდა, სამართლებრივი ჭრილში ამ საკითხის განხილვა, სწორედ იმ პირობებში, როდესაც სამართლებრივად იქნა განხილული საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოში, პირწმინდად დამარცხდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სამ ახალგაზრდა გონიერ და კომპეტენტურ იურისტთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.