„ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა. კერძოდ, მმართველი პარტიის კვლევა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობას ეხება, რომლებმაც „რუსული კანონის“ გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.
კვლევის შედეგები დღეს, „ქართული ოცნების" დეპუტატმა, გივი მიქანაძემ წარადგინა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, 121 არასამთავრობო ორგანიზაციიდან 18-ს ვებგვერდი არ აქვს, ხოლო 9 ორგანიზაციის ვებგვერდი მიუწვდომელია.
მიქანაძის მტკიცებით, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ორგანიზაციები გაუმჭვირვალე არიან. რაც შეეხება საბაზისო კვლევის შედეგებს, მიქანაძის თანახმად: 31%-ს მითითებული არ აქვს პროექტის დასახელება, 31%-ს მითითებული არ აქვს დონორი, 45%-ს მითითებული არ აქვს პროექტის/გრანტის ვადა, 65%-ს არ აქვს მითითებული გრანტის ოდენობა, 34%-ს მითითებული არ აქვს გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია, 79%-ს კი არ აქვს განთავსებული წლიური ანგარიში,
„საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა 121-მა ორგანიზაციამ და მათგან მხოლოდ 21 ორგანიზაციას, 17%-ს, აქვს დაცული ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამჭვირვალობასა და ინფორმაციის მოძიებასთან და ხელმისაწვდომობასთან არის დაკავშირებული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა სავალალო მდგომარეობა არის ამ სექტორში, რამდენად გაუმჭვირვალეა ეს სექტორი და ასევე საზოგადოებისთვის ალბათ დამაფიქრებელი უნდა იყოს, ვინ არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელით, უკვე სამართლებრივი გზით, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ კანონის გაუქმებაზე, რომელთან მიმართებითაც ისინი აბსოლუტურად არც გამჭვირვალე არიან და საზოგადოების წინაშე მათ ანგარიშგების არანაირი სურვილი და წინ გადადგმული ნაბიჯი არ აქვთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში, მმართველმა პარტიამ ასევე ჩაატარა კვლევა იმ 474 ორგანიზაციის გამჭვირვალობაზე, რომლებიც "რუსულ კანონს" ეწინააღმდეგებოდნენ.