„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი ეკა ბესელია აცხადებს, რომ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით, რომლითაც პრეზიდენტი კანონის შეჩერებად და გაუქმებას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონი ჯერ უნდა შეაჩეროს და შემდეგ განიხილოს. ბესელია მიიჩნევს, რომ ამგვარად სამოქალაქო სექტორს ის დიდი ზიანი, რაც სექტემბერში მათი რეგისტრაციით შეიძლება მიადგეს, აღარ მიადგება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მისაღებ გადაწყვეტილებაზე, მოლოდინებსა და ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ეკა ბესელიამ BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.
პროფესიით იურისტი პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გასაჩივრებასა და სასამართლოს მიერ მის განხილვას ისტორიულ პროცესს უწოდებს. სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გადაცემის წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვების საპასუხოდ აცხადებს, რომ კანონი სრულად წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე და სხვა - ადამიანის უფლებების დაცვის მუხლებთან, შესაბამისად მას დამდგარი ზიანის გარდა, განგრძობითი უარყოფითი გავლენა შეუძლია მოახდინოს ქვეყანასა და საზოგადოებაზე. ეკა ბესელია აცხადებს, რომ ახლა მთავარია რას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო და ამ პროცესში თითოეული მოსამართლის თავისუფლების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
- რა არის ის ძირითადი ნაბიჯები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადადგას და რა ვადები აქვს ამისთვის?
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო თავის ენერგიას დაუთმობს ის საკითხია, რომელმაც გამოიწვია ყველაზე დიდი ვნებათაღელვა ქვეყანაში და რომელმაც შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ეს უკვე თქვა ევროკავშირმა. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ამ მუხლზე სასამართლოს აქამდე არ უმსჯელია და არც პრეზიდენტს მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. როდესაც ამ თემაზე ვფიქრობდით და შემდეგ უკვე სამუშაო პროცესი იყო, დასაბუთების ნაწილში მთავარი ტვირთი 78-ე მუხლია და არამხოლოდ ეს მუხლი, არამედ სხვა მუხლები ადამიანის უფლებების თავიდან, როგორიც არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირად ცხოვრებაში ჩაურევლობა, კანონის უკუქცევის ძალა და ა.შ. მოთხოვნილია, რომ განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და შეაჩეროს ამ კანონის მოქმედება.
- რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რატომ არის ეს მოთხოვნა მსჯელობამდე დაყენებული?
მთავარი, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლო უნდა მსჯელობდეს, როდესაც კონსტიტუციურ სასჯელს იხილავს, ხომ არ იწვევს სადავო ნორმა ისეთ გამოუსწორებელ ზიანს, რა დროსაც კანონის გაგრძელების შემთხვევაში ეს ზიანი უფრო დიდი იქნება. სწორედ ამიტომ კანონმდებელმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიანიჭა უფლება შეაჩეროს სადავო კანონი ან სადავო ნორმა. რა არის ეს ნორმა? - როგორც კი კანონი მიიღო პარლამენტმა მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მყისიერად დადგა ეს ზიანი, შეჩერდა რამდენიმე დახმარება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ამ კანონმა გამოიწვია ის საზიანო შედეგი, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს მოქალაქეებისთვის განკუთვნილ სიკეთეს, შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომლის დაცვა, ევროინტეგრაციის პროცესის დაცვა კონსტიტუციურ ორგანოებს პირდაპირ ევალებათ. კონსტიტუციური ორგანო არ არის მხოლოდ პარლამენტი ან მხოლოდ პრეზიდენტი, მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოც. ნახეთ როგორი დილემის წინაშე დადგება სასამართლო - გარდა იმისა, რომ ის კონსტიტუციურ წესრიგს უნდა იცავდეს და როდესაც კანონი არაკონსტიტუციურია უნდა აუქმებდეს, 78-ე მუხლი, მათ შორის ავალდებულებს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მას ახლა აქვს. ამ სარჩელის განხილვა და საქმეების გადაწყვეტა მას ევროკავშირის კანონმდებლობის ჭრილში უნდა ჰქონდეს გააზრებული.
- საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია როგორც მთლიანად კანონის, ასევე მისი ცალკეული ნორმების შეჩერება - რამდენად შესაძლებელია, რომ ამ გზით წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლო და რას გვაძლევს ეს? ევროკავშირის, აშშ-ს კრიტიკა ყოველთვის იყო, რომ ეს კანონი უბრალოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან თავისი სულისკვეთებით მთლიანად ეწინააღმდეგება ევროპულ სამართალს. რა ნორმები უნდა შეჩერდეს იმისთვის, რომ კანონმა დაკარგოს ის სულისკვეთება, რომელიც დღეს მას აქვს?
მთლიანად კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს, რადგან ზიანი უკვე დადგა და არ დასრულებულა. სასამართლომ ის რომ თქვას, რომ ზიანი უკვე დადგა, ასე არ შეიძლება, რადგან ეს განგრძობითია. კიდევ უფრო არანაკლები ზიანი დადგება პირველ სექტემბერს - რეგისტრაციის ვალდებულება, როდესაც ორგანიზაციებმა უნდა დაირქვან, რომ ისინი უცხოური გავლენის გამტარებლები არიან, ამ რეგისტრაციას, რომ არ გაივლიან ამას მოჰყვება ჯარიმები, ძალიან ბევრი ორგანიზაცია დაიხურება, ბევრი გაკოტრდება და ბევრი მოქალაქე ვერ მიიღებს იმ სერვისს, რომელსაც ეს ორგანიზაციები მათ უწევენ - სასამართლომ ამას უნდა შეხედოს და შეაჩეროს ეს კანონი და შემდეგ გააგრძელოს განხილვა, იმიტომ რომ სექტემბერი ძალიან მალე მოვა და თუ სასამართლო ამას არ გააკეთებს, ის ხელს შეუწყობს ამ ზიანის დადგომას.
- რამდენად დამოუკიდებელია დღეს საკონსტიტუციო სასამართლო? რა შედეგი დგება ამ გადაწყვეტილების მიღებით და რამდენად წავა საკონსტიტუციო სასამართლო იმაზე, რომ ეს შედეგი დადგეს?
საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით წინასწარ შეფასებებს და წინასწარ დათქმებს არ ვაკეთებ, ვერიდები. ბოლო იმპიჩმენტის გადაწყვეტილების დროს რამდენიმე მოსამართლე აღმოჩნდა, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, ახლა უფრო მეტ მოსამართლეს ველოდები, რადგან ეს არ არის ერთი თანამდებობის პირის საკითხი - აქ პრეზიდენტი ამ სარჩელით ცდილობს დაიცვას ყველა ის მოქალაქე, რომელიც ამ კანონის წინააღმდეგ ქუჩაში იდგა თუ არ იდგა, ამიტომ სასამართლოსთვის არ იქნება იოლი ერთი ხელის მოქნევით თქვას, რომ არ აკმაყოფილებს სარჩელს. ეს ისტორიული პროცესია, როდესაც მათი გადაწყვეტილება და ხმა ისტორიას რჩება და ეს გადაწყვეტილება საქართველოს ან ეხმარება, რომ გადალახოს ბარიერები და ზღუდეები, რომელიც ევროპულ გზაზე ამ კანონით დაუდეს, ან კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ქვეყნის შიგნით ბოლო შანსი გამოიყენოს ქვეყანამ და ამოისუნთქოს. მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ და რთულ სიტუაციაშიც კი მგონია, რომ როდესაც შანსი გაქვს ადამიანმა დაშვება უნდა გააკეთო, რომ ქვეყანას ამ ერთი გადაწყვეტილებით ბევრი ცუდი რამ შეგიძლია აარიდო...
- საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტისთვის აქვს გამოტანილი განაჩენი, რომ საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით მან კონსტიტუცია დაარღვია. შეიძლება ეს ფაქტორი ამ სარჩელისთვის რაიმე სახით ხელის შემშლელი აღმოჩნდეს?
ეს არანაირად კავშირში არ არის. ვის გაუგია მოსამართლეები რაღაც განწყობების გამო ამ სარჩელის მიმართ გაბრაზდნენ. თემიდას თვალები ფიგურალურად იმიტომ აქვს ახვეული, რომ მოსამართლეზე გავლენას სამართლიანობის გარდა ვერაფერი ვერ უნდა ახდენდეს. რა პროცესიც პრეზიდენტის მიმართ წაიყვანეს - ეს ისტორიას დარჩა. ასე რომ მიუხედავად იმისა, რა გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ, მნიშვნელოვანია რას გააკეთებს ის დღეს. მან უნდა იცოდეს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც კანონის გაპროტესტების დროს ქუჩაში იდგა, უნდა ჩათვალოს, რომ ახლა მის წინაშე დგას. ამ სარჩელის უკან დგას ყველა ჩვენგანი, ვინც ამ კანონისგან საქართველოს კონსტიტუციას ვიცავდით, მაგრამ ძალის გამოყენებით ამ არაკონსტიტუციური კანონის მიღება მაინც მოხდა. ამიტომ სასამართლომ ახლა მთელი ძალა უნდა მოიკრიბოს და გათავისუფლდეს ყოველგვარი წუხილებისგან და განცდებისგან, რადგან ჩვენ გვჭირდება თავისუფალი მოსამართლე. სხვაგვარად შეუძლებელია მოსამართლეს მანტია ეცვას თუ ის თავისუფალი არ არის. ამიტომ როდესაც არგუმენტები ბევრია, ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს. ვნახოთ, ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა.