"იმ იმედით მოვედი და იმ იმედით მივდივარ, რომ თითოეული თქვენგანი კარგად აცნობიერებს შანსს და შესაძლებლობას... ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს ზიანის შეჩერება შეუძლია“ - ამ სიტყვებით მიმართა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სხდომაზე, სადაც „რუსულ კანონის“ წინააღმდეგ ოთხი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების ერთ-ერთი წარმომადგენელია.
"ამ შესაძლებლობის გამოყენება და ამ პასუხისმგებლობის გააზრებით გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის შიგნით მოიძებნება კონსტიტუციური ორგანო, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუცია და ქვეყნის მომავალი დაიცვა. თუ - არა, დარწმუნებული ვარ, ამას საქართველოს მოქალაქეები თავად გააკეთებენ... მგონია, რომ ყველა საფრთხეს კარგად ხედავთ და ახლა ჯერი თქვენზეა... როცა ნდობის მანდატი გამოვუცხადე აქ მყოფ რამდენიმე მოსამართლეს, არ მინდა, ეს ვინანო", - მიმართა მან მოსამართლეებს.
მისი შეფასებით, „რუსული კანონი“ სრულიად გაუმართლებელია და მისი დაცვა შეუძლებელია.
"სრულიად გამაოგნებელია, როგორ შეიძლება გაამართლო ან დატოვო კანონი, რომლის მოქმედების შედეგად ქვეყანას საფრთხეები ყოველდღიურად ადგება... ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლის პროცესშია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
პრეზიდენტის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას არაერთხელ აღნიშნა, რომ არ ეგულება ხელისუფლების არცერთი შტო, მათ შორის სასამართლო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მხარდაჭერა არ მიუღია და თუ ამის გამო, არასამთავრობო სექტორი და მედიასაშუალებების ნაწილი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელია“, მაშინ რატომ არ ვრცელდება იგივე ლოგიკა სახელმწიფო ააიპ-ებზე.
„როგორ შეიძლება დაუშვა ლოგიკა, რომ რადგან რომელიღაც ქვეყანა გეხმარება რომელიმე პროექტი გააკეთო უკეთესად, ააშენო გზები და ა.შ. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ხარ?! ამ ლოგიკით მოვაქციოთ ყველა, მათ შორის სახელმწიფო აიიპი ამ კანონის ქვეშ. არ გვაინტერესებს მათი გამჭვირვალობა თუ არაა საინტერესო მანდ რა ხდება?!“, - თქვა ეკა ბესელიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს „რუსული კანონის“ მოქმედების შეჩერებისკენ მოუწოდა გიორგი ბურჯანაძემაც, რომელიც ასევე, პრეზიდენტის წარმომადგენელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეპრესიულმა კანონმა არ დაიწყოს მსუსხვავი მოქმედება“, - აღნიშნა მან.