მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლოს შეუძლია, რუსული ან ევროპული მომავალი აირჩიოს - გიორგი ბურჯანაძე

საკონსტიტუციო სასამართლო

"იმედს ვიტოვებთ, საკონსტიტუციო სასამართლო არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიოს არგუმენტებს გაითვალისწინებს", - ამის შესახებ იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან "რუსულ კანონზე" მისაღები გადაწყვეტილების მოლოდინზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, მოსარჩელე მხარეებმა სამართლებრივი არგუმენტები წარადგინეს.

"სამი დღის განმავლობაში სასამართლოს დეტალური სამართლებრივი არგუმენტები წარვუდგინეთ და საპასუხოდ არ მიგვიღია არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც სადავო კანონს გაამართლებდა. იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო და თავისი შინაარსით სრულიად რუსული კანონის სულისკვეთებას იმეორებს და იმის საშიშროებას ქმნის, რომ საქართველოში მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები გაქრნენ. თუ ვინმე გვკითხავს, სამართლებრივი მოლოდინი როგორია, მოლოდინი არის აბსოლუტური, ჩვენ სრულიად მართლები ვართ და ველოდებით სადავო ნორმის შეჩერებას და შემდეგ მის გაუქმებასაც", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.


BMG-ის კითხვაზე, რის საფუძველზე აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს დადებითი პასუხის მოლოდინი, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს ერთ-ერთი გამოწვევაა, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა:

"ასეთი საქმე ამ სასამართლოს არასდროს განუხილავს. ამ ერთ საქმეს გავლენა სხვა საქმეებზეც ექნება. ქვეყანაში ადამიანის უფლებების დამცველები და მედია თუ აღარ იარსებებს, თუ მათ თავისუფლად ოპერირების საშუალება არ ექნებათ, თუ ისეთი სამართლებრივი და სოციალური გარემო გვექნება, როგორც რუსეთში, საბოლოო ჯამში , იმ მდგომარეობამდე მივალთ, როდესაც სხვა ადამიანის უფლებების დაცვა შეუძლებელი იქნება. მთავარი არგუმენტი, რაც იმედის ნაპერწკალს გვაძლევს, არის ის, რომ სასამართლომ უნდა გაისიგრძეგანოს ამ საქმის კალიბრი, მნიშვნელობა, მასშტაბი და მისი გავლენა ევროინტეგრაციის პროცესზე. სასამართლოს დავანახეთ, რომ ეს პრესტიჟის საქმეცაა. საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთში თავის დროზე ეს კანონი არ გააუქმა და დღევანდელ სიტუაციამდე მივიდა. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს რიგითი საქმე არ არის. მას შეუძლია აირჩიოს მომავალი, რომელიც რუსეთშია და მომავალი, რომელიც ევროპაშია. ჩვენ გვერდით დგომით, ნორმის შეჩერებითა და გაუქმებით, ის საქართველოს ევროპულ მომავალს დაუჭერს მხარს, ნორმის ძალაში დატოვებით, არ შეჩერებით, ის მხარს რუსეთის მიმართულებით სვლას დაუჭერს".

კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია ჯერ უცნობია. მოსამართლეებმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტონ, შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები