მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

36 TikTok ვიდეო 4 თვეში - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიორგი ჯობავასთან 56 000-ლარიანი კონტრაქტი გააფორმა

გიორგი ჯობავა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა სოციალურ ქსელ TikTok-ზე უწყების ოფიციალური გვერდის Visit Batumi-ის მართვისა და 4-თვიანი კრეატიული სარეკლამო კამპანიის წარმოებისთვის 56 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ინფლუენსერ გიორგი ჯობავასთან გააფორმა.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის წესით ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი ჯობავასთან 2026 წლის 19 მაისს გაფორმდა.

დოკუმენტაციის თანახმად, ინფლუენსერ გიორგი ჯობავას მიერ მომსახურების გაწევის პერიოდი მოიცავს 2026 წლის 20 მაისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით მონაკვეთს. კამპანიის მიზანია Visit Batumi-ის TikTok-ის ანგარიშზე, რომელსაც 26 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ორგანული მარკეტინგული კამპანიის წარმოება, აუდიტორიის ზრდა, ჩართულობის გაძლიერება და ბათუმისა და აჭარის, როგორც ტურისტული დესტინაციის, პოპულარიზაცია.

შესყიდვის საგანი არ მოიცავს შექმნილი მასალის ფასიან რეკლამირებას (დაბუსტვას).

4-თვიანი კონტრაქტის ფარგლებში ჯობავამ უნდა უზრუნველყოს:

  • 32 სტანდარტული ვიდეო/რილსი - კვირაში არანაკლებ 2 ვიდეოს გადაღება და განთავსება (ერთეულის ღირებულება - 1 500 ლარი, ჯამში - 48 000 ლარი).

  • 4 ინტერაქტიული ვიდეო/რილსი - თვეში არანაკლებ ერთი ტრენდული ან ჩელენჯის ტიპის ვიდეო (ერთეულის ღირებულება - 2 000 ლარი, ჯამში - 8 000 ლარი).

ტექნიკური დავალების მიხედვით, ვიდეორგოლები უნდა იყოს ექსკლუზიური, რეალურად აჭარის ტერიტორიაზე გადაღებული, ვერტიკალური ფორმატის და ორიენტირებული დადებით ემოციებზე.

კამპანიის ძირითადი თემატიკა მოიცავს:

  • ზღვას, ქალაქის ატმოსფეროსა და ღამის ბათუმს;
  • ადგილობრივ ყოველდღიურობასა და ნაკლებად ცნობილ ადგილებს (hidden gems);
  • მაღალმთიან აჭარას, ეკოტურიზმსა და აქტიურ დასვენებას;
  • კულტურას, ფოლკლორსა და ტრადიციებს;
  • აჭარულ გასტრონომიასა და ადგილობრივ გემოებს;
  • რეგიონში დაგეგმილ ფესტივალებსა და ღონისძიებებს.

ხელშეკრულების მიხედვით, გიორგი ჯობავასთან მომსახურების მიღება-ჩაბარება განხორციელდება 4 ეტაპად, ყოველთვიურად გაწეული სამუშაოს შესაბამისად. კამპანიის ფარგლებში შექმნილ ყველა ვიდეოსა და მასალაზე საავტორო უფლებები სრულად გადაეცემა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები