სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ციფრული ჯანდაცვის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გარდაცვლილთა მონაცემების E-prescription-ის სისტემებთან შედარებით იდენტიფიცირდა, რომ 38 ექიმის მიერ განხორციელდა სამედიცინო პრეპარატების გამოწერა გარდაცვლილი პაციენტებისათვის.
აუდიტი წერს, რომ 2021-2024 წლებში, გარდაცვლილ 56 პაციენტზე გაიცა მედიკამენტი. მათ შორის, უმეტესობა იყო პირველი ჯგუფის რეცეპტს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი.
საქმე ის არის, რომ 2016 წლიდან დაიწყო ელექტრონული რეცეპტების (E-prescription) დანერგვა, ხოლო 2019 წლიდან − ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემისა (EHR). ამჟამად, ყველა სტაციონარული/ამბულატორიული დაწესებულება ვალდებულია პაციენტის ვიზიტის სამედიცინო შემთხვევის შესახებ ასახოს ინფორმაცია სისტემაში და ასევე ყველა დანიშნული, რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტი გამოწეროს ელექტრონული რეცეპტით. თავის მხრივ, ყველა აფთიაქი ვალდებულია ამ უკანასკნელი ტიპის ფარმაცევტული პროდუქტი გასცეს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე.
აუდიტი წერს, რომ მიუხედავად ამისა, სისტემაში დაბალია როგორც სამედიცინო დაწესებულებების და ექიმების ჩართულობა, ისე პაციენტების შესახებ ასახული ინფორმაცია და ასევე ელექტრონული რეცეპტით გაცემული მედიკამენტების რაოდენობა.
აუდიტის თანახმად, სისტემაში ძირითადად არ არიან ჩართულნი მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის დაწესებულებების 57%, სტაციონარების მხოლოდ 4% და აფთიაქების 32% არ არის ჩართული ელექტრონული რეცეპტების სისტემაში. 2023 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით არსებული 16,575 პროფესიულად აქტიური ექიმიდან 24% (3,904 ექიმი) არ არის ჩართული და არ იყენებს აღნიშნულ სისტემებს.
"ქვეყნის მასშტაბით რეცეპტს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის მომხმარებლებზე გაცემებული რაოდენობა შეადგენს 498,739,288 ერთეულს, რომლის 67% (334,677,438 ერთეული) ელექტრონული რეცეპტის გარეშეა გაცემული;
გარდაცვლილთა მონაცემების E-prescription-ის სისტემებთან შედარებით იდენტიფიცირდა, რომ 38 ექიმის მიერ განხორციელდა სამედიცინო პრეპარატების გამოწერა გარდაცვლილი პაციენტებისათვის. 2021-2024 წლებში, გარდაცვლილ 56 პაციენტზე გაიცა მედიკამენტი. მათ შორის, უმეტესობა იყო პირველი ჯგუფის რეცეპტს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი;
150 გამოკითხული მოქალაქიდან უმეტესება მიუთითებს, რომ სმენია ელექტრონული რეცეპტების შესახებ, მაგრამ ასევე 96 აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ შეუძენია მედიკამენტი ამ სისტემის საშუალებით", - წერს აუდიტი.




























