მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$38 მლნ ინვესტიცია და 1 მლნ ტონით მეტი გამტარობა - როდის დასრულდება ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობის II ფაზა?

ფოთის ახალი საზღვაო პორტი

PACE Group-ის გენერალური დირექტორის ირაკლი თათეიშვილის თქმით, ფოთის ნავსადგურის განვითარების პროექტის მეორე ფაზა 2027 წლის ბოლოსკენ დასრულდება. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა.

25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) ქართულ კომპანია PACE Group-თან რიგით მეორე, $25 მილიონის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. ამავე დღეს ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა.

როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, მეორე ფაზის ჯამური ინვესტიცია 38 მილიონი დოლარია.

"პროექტის მეორე ეტაპი ჯამურად უყურებს $38 მილიონს, აქედან $25 მილიონი არის DFC-ის სესხი. მშენებლობა დაწყებულია, დამთავრდება 2027 წლის ბოლოსკენ, უფრო სექტემბერ-ოქტომბერში. შედეგად, გამტარობა გაიზრდება დაახლოებით 1 მილიონი ტონით",- ამბობს ირაკლი თათეიშვილი და დასძენს, რომ ფოთის ნავსადგურის ჯამური გამტარუნარიანობა II ფაზის დასრულების შემდეგ 3 მლნ ტონამდე გაიზრდება.

რაც შეეხება მიმდინარე ეტაპზე არსებულ დატვირთულობას, ირაკლი თათეიშვილის თანახმად, შესაძლებლობები მაქსიმალურად არის ათვისებული: "დაახლოებით 70-75%-ით არის ათვისებული. დანარჩენი, რაც აუთვისებელია, ეს ძირითადად ამინდის გამოა",- ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა DFC-სა და PACE Group-ს შორის 2020 წელს დაიწყო, როდესაც DFC-მა ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის კომპანიას 50 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო. ფოთის პორტის გაფართოების პროექტის საერთო ღირებულება 130 მილიონ დოლარს შეადგენს. პირველ ფაზაში უკვე ინვესტირებულია 93 მილიონი დოლარი.

პროექტის მეორე ფაზა ითვალისწინებს დამატებითი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც პორტს ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას გაუზრდის. გათვალისწინებულია, როგორც საპორტო ინფრასტრუქტურის შემდგომ გაფართოება, ისე გამტარუნარიანობის ზრდა. კერძოდ, აშენდება 250 მეტრის სიგრძისა და 13 მეტრის სიღრმის ახალი ნავმისადგომი; განხორციელდება მისასვლელი წყლის აუზის დაღრმავება; დამონტაჟდება თანამედროვე გემში ჩამტვირთველი მოწყობილობა; მოეწყობა 700-მეტრიანი საკონვეიერო სისტემა, რომელიც კარბამიდის არსებულ საწყობს ახალ ნავმისადგომთან დააკავშირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები