მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

38,000 უცხოელ ვიზიტორს შორის, რომლებიც ივნისში შემოვიდნენ, 98% კაცი იყო

5f14077526d0c
BM.GE
19.07.20 12:24
4099
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი სულ 37,915-მა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა. ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 95.7%-ით ნაკლებია. 

ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ვიზიტორების რაოდენობის რეკორდულ ვარდნასთან ერთად, დემოგრაფიული მაჩვენებლებიც რადიკალურად არის შეცვლილი - კერძოდ კი 37,915 ვიიზტორს შორის 98%, ანუ 37,086 კაცი იყო. ქალი ვიზიტორების რაოდენობამ მხოლოდ 829 შეადგინა. ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში გასულ წელსაც კაცები სჭარბობდნენ, თუმცა 2019 წელს თანაფარდობა 62%/38%-ზე იყო. 

სავარაუდოდ, წელს გენდერულ ჭრილში ვიზიტორების ასეთი მკვეთრი დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ ვიზიტორების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ისეთი ტექნიკური მიზეზით შემოვიდა, როგორიც სატვირთო გადაზიდვის განხორციელებაა, ხოლო სატვირთო მანქანების მძღოლთა უდიდესი ნაწილი კი კაცია. 

რაც შეეხება საზღვრის ტიპებს, ვიზიტორების 95% სახმელეთო გზით, 3% კი საჰაერო გზით შემოვიდა. სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით კი ქვეყანას ვიზიტორთა 1.5% ეწვია.

ივნისში ყველაზე მეტი - 15,828 ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, წლიურ ჭრილში კი თურქი ვიზიტორების რაოდენობა 88%-ით არის შემცირებული. 

 

15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 თურქეთი - 15 828 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,0% ;
2 სომხეთი - 7 909 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,5% ;
3 აზერბაიჯანი - 3 590 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,1% ;
4 რუსეთი - 3 457 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,7% ;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 2 299 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -93,7% ;
6 უკრაინა - 1 088 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,6% ;
7 უზბეკეთი - 984 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -33,8% ;
8 ბელარუსი - 791 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,1% ;
9 ყაზახეთი - 497 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,8% ;
10 ბულგარეთი - 299 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -72,3% ;
11 ყირგიზეთი - 166 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -84,2% ;
12 ტაჯიკეთი - 157 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -69,0% ;
13 ინდოეთი - 91 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -98,6% ;
14 ჩეხეთი - 76 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,1% ;
15 მოლდოვა - 67 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -89,5% .

რაც შეეხება ტურიზმის სექტორის შემოსავალს, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, მან მხოლოდ $11.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 96.7%-ით, ანუ $328.8 მილიონით შემცირდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ამ დრომდე არ არის აღდგენილი, სავარაუდოდ, ტურიზმის შემცირების მაჩვენებელი ივლისის თვისთვისაც ისეთივე მკვეთრი იქნება, როგორც ივნისში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები