მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

39-წამიან ვიდეოს ანაცვალა საკუთარი რეპუტაცია - შალვა პაპუაშვილი ეუთოს თავმჯდომარეზე

პარლ

"ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთოს თავმჯდომარის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის რუსთაველზე მისვლამ აჩვენა, რომ არ არსებობს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობები.

„ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამე - არ არსებობს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეს ყველაფერი არის ქიმერა, მოფიქრებული კონსტრუქტი იმისთვის, რომ თავს მოახვიონ პატარებს და სუსტებს და ჩვენ გვესაუბრონ, თითქოს რაღაც წესრიგი არსებობს, თითქოს რაღაც ნორმებია, რომელსაც ყველა სახელმწიფო ემორჩილება. ამის დასტური იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მანდატით იმყოფებოდა. მისი მონაწილეობით კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში, თბილისელებს გადაგვიკეტა გზა, ფაქტობრივად, და ამით დაგვანახვა, რომ არაფერს არ ნიშნავს ქართული სახელმწიფო, არაფერს არ ნიშნავს მერაბ კოსტავას მიერ განვლილი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი კანონებისთვის. ეს ყველაფერი არაფერს არ ნიშნავს, ნულია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალში და ჩვენც მისთვის არაფერს არ ვნიშნავთ, საერთოდ. ერთ 39 -წამიან ვიდეოს ანაცვალა საკუთარი რეპუტაცია, როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ელინა ვალტონენი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მას შემდეგ მივიდა, რაც "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა დაასრულა.

15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძემ, "კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო" ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. გუშინვე, ფინური საზოგადოებრივი მაუწყებელი წერდა, რომ საგარეო მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, ვინაიდან მას აზერბაიჯანში გამგზავრება დაგეგმილზე ადრე მოუწია. მოგვიანებით, ელინა ვალტონენი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

უკვე დღეს, 16 ოქტომბერს კი, ვალტონენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთოს მონაწილე ქვეყნებში ხალხის უფლებაა, ისარგებლონ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებითა და თავისუფალი არჩევნებით და მოუბოდიშა კობახიძეს, რადგან გრაფიკში შეუთავსებლობის გამო, შეხვედრის გაუქმება მოუწია.

რა თქვა და რა გააკეთა ეუთოს თავმჯდომარემ საქართველოში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები