მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 გადაწყვეტილება, რომელიც სასწავლო პროცესის განახლებას შეეხება

5f71a35377590
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.20 12:46
2995
სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომელიც უწყებათშორისმა საბჭომ დღეს მიიღო, საზოგადოებას განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააცნო: 

1. 1 ოქტომბრიდან იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, I-VI კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან;
2. VII-XII კლასის მოსწავლეები დისტანციურად გააგრძელებენ სასწავლო პროცესს. მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება;
3. 19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები აუდიტორებში დაბრუნდებიან;
4. 12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას საბავშვო ბაღები განაახლებენ;

განათლების მინისტრმა მოსახლოებას ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„დღეს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწვეტილებები განათლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. რასაკვირველია, ეს არ ეხება აჭარას.

ასევე მინდა გავიმეორო, ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც განათლების სამინისტრო სთავაზობს I-VI კლასის მოსწავლეებს. თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, ეს პროცესი იქნება სრულად უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება სიახლეებს, მინდა გითხრათ, რომ 12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები.

19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორებში. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არადისტანციურად განაახლებენ თავიან ფუნქციონირებას. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზედმიწევნით დავიცვათ ჯანდაცვის რეკომენდაციები. ჩვენ მოსწავლეებს, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა.

მინდა გითხრათ, რომ დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას, გამოცხადებული თარიღები შერჩეულია ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით. რაც შეეხება VII-XII კლასის მოსწავლეებს, მათ შესახებ ახლო მომავალში დამატებით გავაკეთებთ განცხადებას“, - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები