გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებით, მმართველმა პარტიამ ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა შეძლოს. ამის შესახებ მან BMGTv-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ელგუჯა ხოკრიშვილი საზოგადოების იმ წევრებს შორისაა, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში პროდასავლური ოპოზიციის მონაწილეობის წინააღმდეგია. შეგახსენებთ: ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის საარჩევნო სიაში იყო, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ზაფხულში, სწორედ სწორედ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო პარტია დატოვა.
- რას იგებს ოპოზიცია 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობით?
- ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ [ოპოზიციამ] წააგო, თუ გავითვალისწინებთ იმას, პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი არის გაყოფილი და საერთოდ არ აქვთ ბმა სამოქალაქო პროტესტთან, ხომ?! სამოქალაქო პროტესტში, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ უწყვეტ პროტესტს, რომელიც მიმდინარეობს გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახალგაზრდობას არ აქვს არანაირი ნოსტალგია რუსეთის მიმართ. ეს თაობა დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და მათი იდენტობა ევროპულია. ამიტომ იბრძვიან ისინი თავისუფლებისთვის...
- რას იგებს „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობით?
- ნაკლებად მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამე მოიგოს და რამე სტაბილურობა, ნორმალიზება შეძლოს ქვეყანაში. „ოცნებამ“ შეიძლება დრო მოიგოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული კულტურა, ქართული ისტორია, ჩვენი ღირებულებები არის ევროპული და აქედან გამომდინარე, ისინი ვერანაირად ვერ შეძლებენ, რომ ეს მოცემულობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღები გახადონ.




























