"თავისუფალი აზროვნების, ლოგიკის, დისკუსიის და აზრის თავისუფლების საფუძველი ინსტიტუციურად იშლება, რის გამოც საერთოდ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ცენტრალური ფუნქცია არსებობს" - ასეთია ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილის შეფასება "ოცნების" უმაღლესი განათლების კონცეფციის შესახებ.
მისი თქმით, ეს კონცეფცია აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის როგორც ინსტიტუციურად, ასევე სუბიექტურად იმასთან, განათლებასთან მიმართებით რა მოლოდინებიც არსებობს და რაც უნდა ხდებოდეს. "ეს კონცეფცია კლავს იმედს, რომ თქვენ შეგეძლებათ თქვენი მიზნების მიღწევა",- ამბობს ფსიქოლოგი.
მან საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა და გამოყო 4 საკითხი, რასაც კონცეფცია ფუნდამენტურად ცვლის.
"ფუნდამენტურად ეს კონცეფცია ცვლის რამდენიმე რამეს. პირველი არის უმაღლესი განათლების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, ანუ ინსტიტუციური საფუძველი. ის წინააღმდეგობაში მოდის უნივერსიტეტის ფუნქციასთან, ანუ ავტონომიურობასთან და აკადემიურ თავისუფლებასთან.
მეორე: ის პრინციპულად ცვლის ინსტიტუციურ მოწყობას, რაც ცვლის თავსებადობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენი აქ მიღებული განათლება ვერ იქნება ჩათვლილი და ადეკვატური ერთის მხრივ ბოლონიის პროცესში გაერთიანებული ქვეყნების, ხოლო მეორეს მხრივ სხვა გლობალური მთლიანი სივრცისათვის.
მესამე: ბაზარზე ორიენტირება. უნივერსიტეტებში წმინდად ბაზარზე ორიენტირებული სწავლება არ იცის არავინ. იმიტომ, რომ არსებობს უნივერსიტეტში ეგრეთ წოდებული ბაზარზე ორიენტირებული პროგრამები და არსებობს ისეთი პროგრამები, რომლებიც ბაზარზე არ არის ორიენტირებული, არამედ მიმართული არის წმინდად შემეცნებით ფუნქციაზე, რაც გულისხმობს სამ პრინციპულ რაღაცას: ცოდნის გადაცემას, ცოდნის დაგროვებას და ახალი ცოდნის შექმნას. ამიტომ ბაზარზე ორიენტირებული პროგრამები ძირითადად ვერ პასუხობს ამ სამივე მოთხოვნას ერთად. ეს არის უფრო არსებული ცოდნის გადატანა რეალურ გარემოში. ჩვენი ბიზნესი არ მუშაობს იგივე პრინციპით, როგორც მუშაობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც გულისხმობს, რომ თქვენ მოხვედით უნივერსიტეტიდან და მე [ბიზნესი] გახვედრებთ გადამზადების კურსებს, სადაც გასწავლით თქვენი აკადემიური ცოდნა ჩემს კონკრეტულ ორგანიზაციაში რა პრაქტიკული გამოყენებით მჭირდება და შესაბამისად, უმაღლეს განათლებაში დიდ ბრიტანეთში, სადაც 2.7% არის მთლიანი შიდა პროდუქტის, აქედან 1% ეკუთვნის სახელმწიფოს, ხოლო 1.7%-ს დებს ბიზნესი.
და კიდევ ერთი რასაც ცვლის ეს კანონი და ეს არის ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი - მანიპულირებადი სისტემის შექმნა, რომლის წინაპირობაც არის ის, რომ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ყველა კურიკულუმი.
მე ვსწავლობდი ამ ტიპის კურიკულუმით, რომელიც იყო დამტკიცებული საბჭოთა კავშირის უმაღლესი განათლების სამინისტროს მიერ და მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ვსწავლობდით ერთი და იმავეს. ამიტომ ის გამონათებები, რომლებიც არსებობდა, წმინდად დამოკიდებული იყო იმ პროფესურაზე, რომელიც თქვენ გასწავლიდათ. მაგრამ პირველ ეტაპზე, როდესაც დაიწყო ეს, ასე ერთი ფორმატით სწავლება, ის პროფესურა აღმოჩნდა გარეთ, რომლებსაც შემოჰქონდა ინოვაცია და არ ჯდებოდა, ასე ვთქვათ, იმ გაწერილ კურიკულუმში. საუკეთესო მაგალითი არის ივანე ჯავახიშვილის გაშვება უნივერსიტეტიდან, იმიტომ რომ ის არ აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნებს. ანუ ამ ეტაპზე რა შეიძლება მოხდეს? რომ ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან თუნდაც დამტკიცებული კურიკულუმიდან შემოიტანონ ასე ვთქვათ ამ კურიკულუმში კრიტიკული გააზრების ელემენტები, მათ ბლოკავს კიდევ ერთი შესწორება უმაღლესი განათლების კანონში, სადაც წერია, რომ ოჯახური ღირებულებებისა და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის და ინცესტის კვალობაზე, ობიექტური დამკვირვებელი, რომელიც იტყვის, რომ ესა თუ ის ლექტორი ეწევა პროპაგანდას ამ მიმართულებით, ის ნუ ჯერ იმას შენიშვნას მისცემენ, მერე კიდე ასე ვთქვათ აუკრძალავენ სწავლებას და საერთოდ გაუშვებენ. ამ „ობიექტური დამკვირვებლის“ შესახებ ერთი რამე შემიძლია გითხრათ - ამ კატეგორიის ხალხზე დეფიციტი არ იქნება, მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ სტუდენტი, რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ მან მიიღოს მაღალი ქულა, საკმარისია მას არ მოეწონოს თუნდაც 99 და უნდოდეს 100, ის მომენტალურად შეიძლება გადაიქცეს ობიექტურ დამკვირვებლად, რომელიც ასე ვთქვათ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ლექტორი არ ჯდება კანონის ფარგლებში", - განაცხადა მარინა ჩიტაშვილმა.
2025 წლის დეკემბერში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სრულად დაფინანსდება ბიუჯეტიდან, კერძო უნივერსიტეტებში კი სახელმწიფო დაფინანსების მოდელი გაუქმდება. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. ეკონომიკის სამინისტრო შრომის ბაზრის კვლევას ატარებს, რომელმაც უნდა დაადგინოს, როგორი იქნება შემდეგ უახლოეს რამდენიმე წელში შრომის ბაზრის მოთხოვნები. მთავრობა გეგმავს, რომ კვლევის შედეგების საფუძველზე უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობაზე კვოტები გამოყოს.




























