განათლება ადამიანური კაპიტალისა და სახელმწიფოს განვითარებაში კრიტიკულ როლს ასრულებს, ის ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და, მათ შორის, პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბებასაც.
უმაღლესი განათლება ქვეყანას არა მხოლოდ შრომითი ბაზრისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება, არამედ წარმოადგენს მნიშვნელოვან წვრთნას მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, ინჟინრებისთვის, მეცნიერებისთვის და სხვა, კაცობრიობის განვითარებისთვის აუცილებელი პროფესიებისთვის.
სწორედ ამიტომ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უნივერსიტეტების დაფუძნება, მათი განვითარება და დაფინანსება სახელმწიფოს პრიორიტეტთა ნუსხაში მოწინავე პოზიციებს იკავებს. წარმოგიდგენთ ქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი უნივერსიტეტი ფუნქციონირებს:
- გერმანია - 461
გერმანიაში, სადაც მოსახლეობა 83.28 მილიონია, 461 უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს. 15 წლის ზემოთ მოსახლეობაში წიგნიერების დონე 99%-ია. ქვეყანაში უნივერსიტეტებისა და სკოლების უმრავლესობა შტატების მეთვალყურეობის ქვეშ ექცევა, ფედერალური მთავრობის ჩართულობა კი მინიმალურია.
- საფრანგეთი - 625
68.4-მილიონიანი მოსახლისთვის საფრანგეთში 625 უნივერსიტეტი მოქმედებს. ფრანგული განათლების სისტემა მაღალი აკადემიური სტანდარტებით გამოირჩევა, რაც ქვეყანას უმაღლესი განათლების მიღების მსურველთათვის განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებად აქცევს. საფრანგეთის მოსახლეობაში წიგნიერების მაჩვენებელი 99%-ია.
- იაპონია - 992
992 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს იაპონიაში, რითაც 123-მილიონიანი ქვეყანა რეიტინგში მერვე ადგილზეა. იაპონიის მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნის დონე ასევე 99%-ია, მათი განათლების სისტემა კი ეფუძნება მუდმივი ტესტირებისა და გამოცდის პრინციპს, რაც მოსწავლეებში მაღალ აკადემიურ მოსწრებას განაპირობებს.
- რუსეთი - 1010
რუსეთის ფედერაციის 144 მილიონი მოსახლისთვის ქვეყანაში 1010 უმაღლესი სასწავლებელი მოქმედებს. ქვეყანაში 25-დან 34 წლამდე მოსახლეობის თითქმის ⅔-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, რაც OECD-ის საშუალო მაჩვენებელს აღემატება. რუსეთში მოსახლეობის წიგნიერების დონე 99%-ზე მეტია. (99.7)
- მექსიკა - 1139
რეიტინგში მეექვსე ქვეყანა მექსიკაა, სადაც მოსახლეობა 129 მილიონს აღწევს, უნივერსიტეტების რაოდენობა კი - 1139-ს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში წიგნიერების მაჩვენებელი 95%-ია.
- ბრაზილია - 1264
1264 უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს ბრაზილიის 217 მილიონი მოსახლისთვის, რომელთა წიგნიერების დონეც 94%-ს აღემატება (94.69) - მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს ის, რომ ქვეყანაში დაწყებითი განათლების მიღება უფასოა.
- ჩინეთი - 2495
ჩინეთში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1.5 მილიარდს აღწევს, უმაღლესი განათლების 2495 დაწესებულება ფუნქციონირებს. ქვეყნის წიგნიერების დონე 99.83%-ია, ხოლო სამეცნიერო წიგნიერება წლიდან წლამდე იზრდება და, ბოლო მონაცემით, 14.1%-ს აღწევს.
- აშშ - 3180
3180 უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 340 მილიონს აღემატება. მიუხედავად ამისა, ქვეყანა წიგნიერების დონით (79%) რეიტინგში 36-ე ადგილზეა, მოსახლეობის 21%-ს აქ წერა-კითხვის უნარი განვითარებული არ აქვს.
- ინდონეზია - 3277
რეიტინგში მეორე ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი - 3277 - უნივერსიტეტია, ინდონეზიაა - 279 მილიონიანი მოსახლეობით. ქვეყანაში მოსახლეობის წიგნიერების დონე 96%-ს აღემატება, ამასთან, ზრდასრული მოსახლეობის 40%-ს დასრულებული აქვს განათლების საშუალო საფეხური, ხოლო მათ 3.5%-ს სკოლაში არასდროს უვლია.
- ინდოეთი - 5349
ქვეყანა, სადაც მსოფლიოში უმაღლესი განათლების ყველაზე მეტი დაწესებულება ფუნქციონირებს, ინდოეთია. 1.44 მილიარდიანი მოსახლეობით, ქვეყანაში 5 349 უნივერსიტეტი მოქმედებს. ინდოეთში წიგნიერების დონე 15 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში 76%-ია.
რა თქმა უნდა, უნივერსიტეტების რაოდენობა ქვეყანაში მათ ხარისხს არ განსაზღვრავს. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატები მე-3 ადგილზეა, 2026 წლისთვის მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტების TOP ათეულში სწორედ ამერიკული სასწავლებლები ჭარბობენ. პირველ ადგილს ზედიზედ მეთოთხმეტე წელია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი იკავებს. ათეულში ასევე ვხვდებით დიდი ბრიტანეთის, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიისა და სინგაპურის უნივერსიტეტებს.
2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები, QS-ის შეფასებით:
- მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - 100
- ლონდონის იმპერიული კოლეჯი - 99.4
- სტენფორდის უნივერსიტეტი - 98.9
- ოქსფორდის უნივერსიტეტი - 97.9
- ჰარვარდის უნივერსიტეტი - 97.7
- კემბრიჯის უნივერსიტეტი - 97.2
- ETH ციურიხი - 96.7
- სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი - 95.9
- UCL – 95.8
- კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - 94.3