მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4 თვეში თბილისის აეროპორტს მგზავრები 13%-ით, ქუთაისს 2%-ით, ხოლო ბათუმს 44%-ით გაეზარდა

თბილისის აეროპორტი

2025 წლის ოთხ (იანვარ-აპრილი) თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული აეროპორტებით ჯამში 2 189 558 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც წლიურად 13%-იანი ზრდაა.

საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 442 458 მგზავრს მოემსახურა. ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13% შეადგინა.

პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 506 564 მგზავრს მოემსახურა, რაც 2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 233 725 მგზავრი, რაც 44%-ით აღემატება 2024 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს აეროპორტებში ათი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა, რაც 15%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენები რაოდენობას. ჯამურად, განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ შეადგინა 7744 ავიარეისი, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 2338.

რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, იანვარ-აპრილში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10 599 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 61%-ით გაიზარდა.

2025 წლის იანვარ-აპრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 392 454 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • Wizz Air Hungary – 18% (392 454 მგზავრი);
  • Pegasus – 8% (180 098 მგზავრი);
  • Georgian Airways – 7% (160 437 მგზავრი);
  • Turkish Airlines – 7% (151 719 მგზავრი);
  • Azerbaijan Airlines – 7% (141 468 მგზავრი).

2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 61 სამგზავრო ავიაკომპანია 96 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები