აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 7 425 399 მგზავრსა და 31 937 რეისს მოემსახურნენ. წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა 24%-ით, ხოლო რეისები 25%-ით გაიზარდა.
2024 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში - 4 750 830 მგზავრი დაფიქსირდა და 22 715 რეისი შესრულდა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით, ხოლო რეისები 30%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 2024 წელს 1 722 809 მგზავრსა და 5 078 რეისს მოემსახურა. წლიურად მგზავრთნაკადი 3%-ით, რეისების რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა.
ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 951 760 მგზავრსა და 4 144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა.
2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე British Airways შემოდის. ასევე, მარტიდან იწყებს ფრენებს ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს. 9 აპრილიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით Edelweiss იფრენს.