მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„4 წლის განმავლობაში 80 მლნ-მდე ჯარიმები გამოიწერა და უამრავი დემონტაჟი განხორციელდა“ - ხმალაძე

6165bb4351781
თათია ჩაფიჩაძე
12.10.21 23:15
1035
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა უკანონო მშენებლობებზე 80 მლნ ლარის ჯარიმა გამოწერა. ხმალაძე ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტს ბოლო წლებში მიშენებებთან დაკავშირებით ნებართვები არ გაუცია.

როგორც ვიცე-მერმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას აღნიშნა, მერია წელიწადში ავარიული შენობების გამაგრებისთვის 20 მლნ ლარს ხარჯავდა, თუმცა არჩევნებში მათი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში უკვე არა მათი გამაგრება, არამედ ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება.

„3 წლის წინ დავიწყეთ უკანონო მშენებლობებზე კონტროლის გამკაცრება და სხვადასხვა ნორმების გადახედვა. ჯარიმებიც გავზარდეთ, 4 წლის განმავლობაში 80 მლნ ლარამდე ჯარიმები გამოიწერა და უამრავი დემონტაჟი განხორციელდა. ეს პრობლემა არსებობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამას სჭირდება მკაცრი მონიტორინგი, რასაც თბილისის მერია ახორციელებს. თუმცა ავარიული შენობების პრობლემა ამით არ მთავრდება, ჩვენ შეიძლება მოვახდინოთ იმის პრევენცია, რომ უკანონო მშენებლობა, მზიდის გამოცლა არ მოხდეს, მაგრამ ეს პრობლემას არ ხურავს. რასაც მერია 4 წელია აკეთებს, არის გამაგრება და ის პროგრამა რომელსაც კახა კალაძე დაიწყებს მომდევნო საარჩევნო ვადის განმავლობაში, ეს იქნება ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა. ავარიული შენობა შეიძლება ხიფათის მომტანი გახდეს უკანონო მიშენების გარეშეც, ამას სჭირდება დროული ექსპერტიზა და ახლის მშენებლობა.

10 ათასი ავარიული შენობაა თბილისში და მათი ხარისხი განსხვავებულია, ძირითადი მიზეზი არის უკანონო მიშენებები და დაშენებები, რაზეც ნებართვები ბოლო წლებში სრულად აიკრძალა, მაგრამ ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს გამაგრების ნაცვლად მის ჩანაცვლებას. 365 შენობა გავამაგრეთ ამ წლებში, ყოველწლიურად 20 მლნ იხარჯებოდა ამაზე, მაგრამ ეს დროებითია, 5-6 წლის შემდეგ მისი მდგომარეობა ისევ უარესდება. ამიტომ ახლა ჩვენი მიზანია მისი ჩანაცვლება, ჩვენი ხარჯით მოსახლეობა უნდა გამოვიყვანოთ, ვაცხოვროთ ქირით და სამშენებლო კომპანიების მეშვეობით მოვახდინოთ ახალი კორპუსების მშენებლობა. ეს არ არის გათვლილი დეველოპერებისთვის, ეს არის პროგრამა რომელზეც მუნიციპალიტეტი დახარჯავს ფულს, საბჭოთა არქიტექტურის ჩანაცვლება მოხდება თანამედროვე ქართული არქიტექტურით.“ - განაცხადა ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები