მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

40% - აფხაზეთს, 60% - დანარჩენ საქართველოს: წელს ეს პარიტეტი დაცული იქნება - „ენგურჰესის“ ტექნიკური დირექტორი

ენგურჰესი

"ენგურჰესის" ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ წელს ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების პროპორცია დაცული იქნება.

საუბარია 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე მიღწეულ შეთანხმებაზე, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს, 60% კი - დანარჩენ საქართველოს ეკუთვნოდა.

აფხაზეთის ომის შემდეგ, როდესაც ენგურჰესის შენობა (სამანქანო დარბაზი) ქვესადგური და ვარდნილჰეს 1 მთლიანად არაკონტროლირებულ ტერიტორიაზე დარჩა, ხოლო კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნახევარი გამყოფი ხაზის აქეთ.

მოხდა არაფორმალური, ზეპირი შეთანხმება ენგურ-ვარდნილის კასკადის გამომუშავების განაწილების შესახებ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის პროპორციით 40/60, რაც იმ პერიოდისათვის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს დარჩენილი აქტივების შეფასებულ ღირებულებას შეესაბამებოდა.

"ზაფხული ნალექიანი კი იყო, მაგრამ სექტემბერ-ოქტომბერი ძალიან მშრალი გამოდგა და მცირეწყლიანი იყო. მაგრამ [წყლის დონის კლების] მიზეზი სხვაა, ბოლო 2-3 წელია ინტენსიურად ვამუშავებთ ჰესს ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდის მიზნით. იმისთვის, რომ მეტი ელექტროენერგია მივიღოთ და არ დაირღვეს 60/40%-ის ბალანსი. სხვა შემთხვევაში თუ ამ დონეს შევინარჩუნებდით წელი ისე დასრულდებოდა, რომ 60%-ს ვერ მივიღებთ. ახლა დაახლოებით ისე გამოდის რომ წლის ბოლოს ეს ბალანსი დაცული იყოს, ამას მაქსიმალურად ვცდილობთ", - ამბობს ხუბუა.

მისივე თქმით, ჰესი წლის ბოლომდე შემოდინებაზე იქნება დამოკიდებული და ამის შესაბამისად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რადგან წყალსაცავში მარაგში აღარ არის დარჩენილი. ხუბუა განმარტავს, რომ სრული დატვირთვით რომ არ ემუშავებინათ "ენგურჰესი" 40-60%-ის განაწილება დაცული ვერ იქნებოდა.

"ეს მიწოდების ნაწილში ქვეყანაში პრობლემას არ შექმნის, რადგან ბოლო წლებში ძალიან განვითარდა თბოსადგურები და საკმაოდ ბევრია ექსპლოატაციაში შესული. აქედან გამომდინარე, მომარაგების მხრივ ქვეყანას პრობლემა არ იქნება. რა თქმა უნდა, კარგია წყალსაცავში წლის მაღალი დონე იყოს, მაგრამ როგორც გითხარით არ გამოდის. ჩვენ დაბალი დატვირთვით ვიმუშავებთ, არც წელს და არც 2024-ში "ენგურჰესის" გაჩერება არ იგეგმება. აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში გამომუშავების დიდი ნაწილი ქართულ მხარეს მიჰქონდა", - ამბობს ჰესის ტექნიკური დირექტორი.