მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

450 ლარამდე აქციზის გაზრდა დამღუპველი იქნება თხევადი გაზის დარგისთვის - ასოციაცია

5ee207954d46d
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.20 16:20
3524
აქციზის 450 ლარამდე გაზრდა დამღუპველი იქნება ეკოლოგიურად სუფთა საწვავის დარგის განვითარებისთვის და გამოიწვევს სოციალური ფონის კიდევ უფრო დამძიმებას, - ამის შესახებ თხევადი გაზის იმპორტიორთა და საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების მფლობელთა ასოციაციის მიერ ხელისუფლებასა და საზოგადოების მიმართ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ ეს გამოიწვევს თხევად გაზზე ფასის ზრდას, რაც ეკოლოგიურად სუფთა საწვავს სხვა საწვავთან მიმართებაში კონკურენტუუნაროს გახდის.

BM.GE-ს თხევადი გაზის იმპორტიორთა და საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების მფლობელთა ასოციაციის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტში დღის წესრიგში აქტიურად და დაჩქარებული წესით მიმდინარეობს თხევადი გაზის დაბეგვრის წესის განხილვა-დამტკიცება. კანონპროექტის მიხედვით, უნდა მოხდეს თხევადი გაზის ორეტაპიანი აქციზის დაბეგვრის გაუქმება (120 ლარი პლიუს 180 ლარი) და გადასვლა ერთეტაპიანი დაბეგვრის სისტემაზე 300ლარით (დაბეგვრა შემოტანის მომენტში და ასევე სასაქონლო ნულოვანი საბაჟო კოდის გაუქმება), რასაც სრულიად ვეთანხმებით.

ჩვენი კავშირის წუხილი მდგომარეობს შემდეგში: სხვადასხვა წყარო ცდილობს დაუმტკიცოს პარლამენტს, რომ თხევადი გაზის აქციზი უნდა გაიზარდოს კიდევ დამატებით 150 ლარით და გახდეს ჯამში 450 ლარი, რაც ჩვენთვის არის კატასტროფული, რადგან ამ პოსტკრიზისულ პერიოდში, ისედაც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება თხევადი გაზის ფასი ძირითად მომწოდებელ ქვეყანაში-რუსეთში და ამაზე ახალი აქციზის დამატებით მოხდება თხევადი გაზის 1 ლიტრის დაახლოებით 10 თეთრით გაძვირება (მხოლოდ აქციზის ხარჯზე აქციზი 150 ლარი პლიუს წარმოქმნილი დღგ 27 ლარი ჯამში 177 ლარი, 1 ტონა თხევადი გაზი არის დანაკარგების გათვალისწინებით საშუალოდ 1850 ლიტრი, შესაბამისად 177/1850 მივიღებთ საბოლოო მომხმარებლებისთვის თვითღირებულებაში დამატებით გადასახდელ 10 თეთრს), რაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ დამღუპველი იქნება მსოფლიო არენაზე ერთ-ერთ მოწინავე და ეკოლოგიურად სუფთა საწვავისთვის, რადგან მასში არ არის მძიმე მინარევები და ტყვიის შემცველობა. იმისთვის, რომ სხვადასხვა ძალებს არ ჰქონდეთ აქციზით არასწორი მანიპულირებით საშუალება, გვინდა ყველასთვის გასაგები მარტივი მაგალითებით ავხსნათ ჩვენი გულის წუხილი და მოსალოდნელი სოციალური და ეკოლოგიური ფონის დამძიმების რეალური საფრთხე.

დღევანდელ რეალობაში საქართველოს მოსახლეობას გააჩნია ეკოლოგიურად სუფთა საწვავის 2 არჩევანი- ბუნებრივი აირი და თხევადი გაზი, რომელიც ბენზინის საპირწონეა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ამ 3 საწვავის ერთმანეთთან დაკავშირება და მარტივი შედარება დღევანდელ რეალობაში შესაძლებელია შემდეგ მაგალითზე, გადავიყვანოთ 10 ლიტრი ბენზინი შესაბამის რაოდენობა ბუნებრივ გაზსა და თხევად გაზში. 10 ლიტრი ბენზინი არის 13 ლიტრი თხევადი გაზის ექვივალენტი, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში 10 ლიტრი ბენზინი 8.5 კუბურ მეტრს ბუნებრივ აირს უტოლდება. დღეს 10 ლიტრი ბენზინი არაბრენდირებულ სადგურებზე ღირს 15 ლარის ფარგლებში, ხოლო 13 ლიტრი თხევადი გაზი (1,15 ლარი) გამოდის 14,95 ლარი.

აშკარაა, რომ ამჟამად თხევად გაზს თანხობრივად საერთოდ არ აქვს უპირატესობა ბენზინთან შედარებით. ბუნებრივი გაზის შემთხვევაში ერთი კუბური მეტრის ფასი არის 1.3 ლარი და 8.5 მეტრი კუბური გაზის ფასი 11.05 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის სისტემის გამოყენება ავტომობილებში მომხმარებელს აძლევს უდავო შეღავათს ბენზინთან და ასევე თხევად გაზთან მიმართებაში. თხევადი გაზის გამოყენება საავტომობილო საწვავის სახით საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ბოლო 3 წლის განმავლობაში, ამ დარგის განვითარება განაპირობა არარეალურად მაღალი ფასის არსებობამ ბუნებრივ გაზზე 2015 წელს, როცა არაბრენდირებულ სადგურებზე ბენზინის ფასი ბუნებრივ გაზთან შედარებით უფრო დაბალი იყო ბუნებრივი აირის ერთადერთი იმპორტიორი კომპანიის ერთპიროვნული პოლიტიკის გატარების გამო, მსოფლიო კრიზისის პირობებშიც კი. საბაზრო ეკონომიკის წესით ბაზარზე გაჩნდა ბენზინის და ბუნებრივი გაზის ალტერნატიული საწვავი-თხევადი გაზი და დაიწყო ავტომობილების გადაყვანის პროცესი ბენზინიდან თხევად გაზზე.

ახალ დარგს ჰქონდა განვითარების პერსპექტივა მთავარი ფაქტორის არსებობის გამო-ჯანსაღი კონკურენცია და არა მონოპოლიზირებული ბაზარი. თხევადი გაზის შემოტანა იყო შესაძლებელი, როგორც სარკინიგზო და ასევე საავტომობილო ტრანსპორტით, რაც ხელს უწყობდა ჯანსაღ კონკურენციას და ფასების დივერსიფიკაციას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2015 წელს თხევადი გაზის აქციზი შეადგენდა ერთ ტონაზე 120 ლარს, შემდეგ 2017 წელს 1 აგვისტოდან აქციზი გაიზრდა 150%-ით (180 ლარი) და გახდა 300 ლარი, იგულისხმება 2 ეტაპიანი დაბეგვრის სისტემა. რაც შეეხება ბენზინის აქციზს, დღეს 500 ლარია ერთ ტონაზე. აქვე განვიხილოთ არსებული აქციზის განაკვეთები ევროკავშირის მაგალითზე, 1 ტონაზე ბენზინის აქციზი წარმოადგენს 569 ერთეულს(ევრო) ხოლო თხევადი გაზის აქციზი არის 125 ერთეული(ევრო), რაც იმის მანიშნებელია, რომ ევროპაში თხევადი გაზის აქციზი თითქმის 5-ჯერ ნაკლებია ბენზინის აქციზთან შედარებით. ეს მართებულია აქციზის გადასახადის ბუნებიდან გამომდინარე, - მეტი ზიანი-მეტი გადასახადი.

ეს არ მოდის თანხვედრაში ჩვენთვის გაურკვეველ ახალ ინიციატივასთან, რომ თხევადი გაზის აქციზი ბენზინის აქციზის ტოლი უნდა გახდეს. აღსანიშნავია, რომ თხევადი გაზის (პროპან-ბუტანის) და არა სხვა ნივთიერებების წვის შედეგად (2020 წლის 8 ივნისის პარლამენტის სხდომაზე ერთერთი ექსპერტი ყველას არწმუნებდა, რომ თითქოს საავტომობილო თხევად გაზში თურმე არსებობს ბუტადიენი-აკრძალული ნივთიერება, რაც ყოვლად დაუშვებელია და ასეთი გადაუმოწმებელი ფაქტების და დეზინფორმაციის გამო დარგის განვითარებას აყენებენ დიდ ზიანს) გამოიყოფა ნახშირორჟანგი და წყალი, რაც ადასტურებს მწვანე საწვავის სტატუსს და ზრუნვას გარემოსა და მოსახლეობაზე. ყურადსაღები და საგანგაშოა, რომ საქართველოს მასშტაბით ონკოლოგიური დაავადებების მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება ჰაერში გაზრდილი ტყვიის და მძიმე ნარჩენების გავრცელების გამო, რომლებიც გამოიყოფა ბენზინის და დიზელის საწვავის წვის შედეგად და ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოში.

საქართველოს თხევადი გაზის იმპორტიორთა და საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების ასოციაციის სახელით, უმორჩილესად გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ და არ იქნეს განხილული სასწრაფო რეჟიმში 300 ლარიდან 450 ლარამდე აქციზის განაკვეთის გაზრდის დაბეგვრის საკითხი და დატოვოთ კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტი(აქციზების გაერთიანება 300 ლარამდე). 450 ლარამდე მისი გაზრდა დამღუპველი იქნება ეკოლოგიურად სუფთა საწვავის დარგის განვითარებისთვის და გამოიწვევს სოციალური ფონის კიდევ უფრო დამძიმებას. ასევე, ხელს შეუწყობს ბუნებრივი გაზის ერთადერთი იმპორტიორი კომპანიის ერთპიროვნული მართვის უფრო მეტად განვითერებას და გარკვეულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ჯგუფებს მოსახლეობის სოციალური ფონით მანიპულირების საშუალებას მისცემს.

დიდი პატივისცემით: შპს “გაზ ჯორჯია იმპორტ”; შპს “ვან1ექსპრესი”; შპს “L.D.D 400168965”; შპს “გე გაზ კომპანი”; შპს “ელპიჯი გაზი”; შპს „რიგგაზი“; შპს „გაზ ტრანს ავტო“; შპს „ბიპა“; შპს „ლპჯ ლენდი“; შპს „მ1“; შპს „გაზ ჯორჯია მესტია“; შპს “ჯითი გრუპ”; შპს „ბიპი ტრეიდი“; შპს „ისოილი“; შპს ელპიჯი გაზ ჯორჯია“; და სხვები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები