მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

48 სთ-ის ნაცვლად 60 დღე - საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნების ვადები გაიზარდა

ქონებრივი დეკლარაცია

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2024 წლის 09 სექტემბრიდან თანამდებობის პირების მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმებისა და გამოქვეყნების პირობები შეიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ქვეყნდებოდა ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე. ცვლილებების შედეგად კი შესაძლოა, ორი თვეც არ გამოქვეყნდეს, ვინაიდან 9 სექტემბერს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. კანონის მიხედვით, აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამიტომ თანამდებობის პირის დეკლარაცია მისი შევსებიდან შეიძლება ორ თვემდე არ გასაჯაროვდეს.

აღსანიშნავია, რომ კანონით გათვალისწინებულ 1-თვიან ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ თანამდებობის პირებს, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, სიაში პრემიერის, მინისტრების, პრეზიდენტის გარდა, მინისტრთა მოადგილეები, მერები და მათი მოადგილეები, მოსამართლეები, პარლამენტის წევრები და სხვა თანამდებობის პირები შედიან. მათ სიას 2025 წლის 1 მაისიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორებიც დაემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები