EBRD-ისა და მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ გამოაქვეყნა PwC-ის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიებს მოიცავს და ინვესტორთა მოლოდინების კვლევას მოიცავს.
დოკუმენტის თანახმად, ინვესტორები პოსტ-პანდემიურ პერიოდში საკუთარი საქმიანობისთვის ლოკაციის შერჩევის პროცესში სხვადასხვა ფაქტორს შორის პირველ ადგილს მუშახელის კვალიფიკაციას ანიჭებს. PwC-ის ინფორმაციით, კვლევაში უცხოური კომპანიები მონაწილეობდნენ, რომელთა უდიდესი ნაწილიც ამჟამად საქართველოში არ არის წარმოდგენილი. გამოკითხვის პროცესში ინვესტორებს მიცემული ჰქონდათ 20-ზე მეტი კრიტერიუმი, რომელთაც 0-დან 5-მდე ქულით აფასებდნენ.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული 93 ინვესტორის მიერ პოსტ-პანდემიურ ვითარებაში საინვესტიციო ლოკაციის არჩევაზე მოქმედი მთავარი ფაქტორების ჩამონათვალი ასეთია:
1) კვალიფიციური მუშახელის არსებობა - 4.25 ქულა; 2) კავშირების (აეროპორტების, საერთაშორისო მაკავშირებლების არსებობა) - 3.83 ქულა ; 3) ხარისხიანი განათლების სისტემა - 3.78 ქულა; 4) ბიზნეს საზოგადოების მიერ საქმიანობის გამჭვირვალე სტანდარტების დაცვა და სამართლიანი კონკურენცია - 3.71 ქულა; 5) ხარისხიანი ინფრასტრუქტურა - ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვა - 3.54 ქულა.
ამასთანავე, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 52 ბიზნესის წარმომადგენელი, რომლებიც მთავრობის მიერ პრიორიტეტად დასახელებულ სფერობში საქმიანობენ. კითხვაზე თუ რომელი ელემენტები არის თქვენთვის კრიტიკული მნიშვნელობის, როდესაც პოსტ-პანდემიურ პერიოდში არჩევთ ინვესტიციისთვის ლოკაციას პასუხები ასე ნაწილდება:
1) კვალიფიციური მუშახელის არსებობა - 4.37 ქულა; 2) ხარისხიანი განათლების სისტემა - 3.98 ქულა; 3) ინფრასტრუქტურის და კავშირების (აეროპორტების, საერთაშორისო მაკავშირებლების არსებობა) - 3.75 ქულა; 4) გარემოსდაცვითი და სოციალური მმართველობითი (ESG) პრაქტიკები - 3.46 ქულა; 5) ბიზნეს საზოგადოების მიერ საქმიანობის გამჭვირვალე სტანდარტების დაცვა და სამართლიანი კონკურენცია - 3.46 ქულა.