მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5 კომპანია ₾224 ათასით დასუბსიდირდა - ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის შედეგები

ღვინო

საზღვარგარეთ ღვინის პოპულარიზაციის სუბსიდირების პროგრამით სულ 5 კომპანია 224 300 ლარით დაფინანსდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში განაცხადი 20-მა კომპანიამ შეიტანა.

დაფინანსება კი „ვილა მოსავალმა“, „მეღვინეობა ჩელთიმ“, „თიკო ისთეითმა“, „ბი ჯი ვაინსმა“ და „ასკანელმა“ მიიღეს.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით" როგორც კომპანიების რაოდენობა, ასევე დაფინანსების მოცულობაც გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. 2025 წელს 9 კომპანიამ 692 969 ლარის სუბსიდირება მიიღო, 2024 წელს 5 კომპანია 243 281 ლარით დაფინანსდა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ მიზნობრივ ბაზრებზე ექსპორტირებული ღვინის მოცულობა, 2025 წელს წლიურად 20%-ით 676,685.75 ლიტრამდე გაიზარდა.

"პროგრამის პირობების შესაბამისად, კომპანიებმა მიზანმიმართული მარკეტინგული აქტივობების შედეგად მნიშვნელოვნად გაზარდეს ექსპორტის მოცულობა ამერიკის, ევროპისა და აზიის ბაზრებზე", - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და პრიორიტეტული ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით დაამტკიცა.

პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ პრიორიტეტულ ბაზრებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დსთ-სა და სუამ-ის ქვეყნების გარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები