მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 მიმართულება, რომელიც საქართველოში საინვესტიციოდაა საინტერესო - მოსაზრება

ირაკლი

საკონსულტაციო კომპანია IBCCS TAX-ის თანადამფუძნებელი, ირაკლი არჯევანიძე, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ძლიერ და სუსტ მხარეებზე BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" საუბრობს და იმ მიმართულებებს გამოყოფს, რომლებიც უცხოელი ინვესტორებისთვის, შესაძლოა, საინტერესო იყოს.

ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად არჯევანიძე ვაჭრობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ გამოწვევებს, რომლებიც ლოგისტიკურ საკითხებში დღეს არსებობს, ბიზნესი თავად დაარეგულირებს.

"პირველი - ეს ლოგისტიკა და ვაჭრობაა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის უნიკალური და ეს განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარებისა და ომის დროს გამოჩნდა, როდესაც ჩრდილოეთის ნაკადები ახალ მიმართულებებზე გადავიდა.

[ტარიფები ძვირია], თუმცა, ვფიქრობ, ბიზნესის გადასაწყვეტია და მანვე უნდა დაარეგულიროს. ამჟამად საქართველოში არ არის სერვისები, არ არსებობს პარკი, სადაც მძღოლებსა და გადამზიდავებს სრული სერვისი ერთ სივრცეში ექნებათ. არც სასაწყობე მეურნეობა და გადატვირთვის სერვისებია განვითარებული - ამ ყველაფერს ბიზნესი თავად დაარეგულირებს, რადგან მათზე მოთხოვნა ჯერ ახლა ჩნდება", - ამბობს ირაკლი არჯევანიძე.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ბიზნესკონსულტანტი უსვამს ხაზს, ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სერვისებია.

"უძრავი ქონება, ჰორეკა და გასართობი ბიზნესი - ამ უკანასკნელში ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ვფიქრობ, დღემდე გართობის ბიზნესი მხოლოდ კულინარია და ბუნებაა. არ შეიძლება, რომ ბათუმს, რომელიც ყველაზე ცნობილი საზღვაო კურორტია, ერთი ხარისხიანი აკვაპარკიც არ ჰქონდეს. არ შეიძლება, ტურისტული პროდუქტების ასეთი სიმწირე გვქონდეს. თუმცა ბიზნესი ამასაც დაარეგულირებს.

ძლიერი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაც, მათ შორის აკვაკულტურა და მეურნეობა. დღემდე ამხელა საზღვაო ზოლის მქონე ქვეყანას, არ შეიძლება, ზღვაში არც ერთი ფერმა არ ჰქონდეს. ვიცი, რომ აჭარის მთავრობა მუშაობას ამაზე.

მეოთხე მიმართულება მომსახურების სერვისის აუთსორსია. საქართველოს, როგორც ჰაბს, შეუძლია, ეს სერვისები მსოფლიოს მიაწოდოს. რადგან დამსაქმებელს აქ ნაკლები საშტატო ხარჯი ექნება და შეძლებს, იპოვოს თანამშრომელი, რომელიც საუბრობს ინგლისურ, უკრაინულ, არაბულ და სხვა ენებზე", - ამბობს ირაკლი არჯევანიძე.

საინვესტიციო კლიმატის კიდევ ერთი ძლიერი მხარე, IBCCS TAX-ის თანადამფუძნებლის აზრით, გადამმუშავებელი სექტორია. მისი თქმით, ამ მიმართულების განვითარება შუა აზიის ქვეყნებს საშუალებას მისცემდათ, საქართველოში გადამუშავებული თავიანთი პროდუქტი ევროპის ქვეყნებში იმპორტის გადასახადის გარეშე გაეტანათ.

რაც შეეხება სუსტ წერტილებს, IBCCS TAX-ის თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქართული ბიზნესი ჯერ ისევ ახალგაზრდაა და მომსახურების ხარისხი გასაუმჯობესებელი აქვს.

"სუსტი წერტილი მომსახურების ხარისხია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საგრძნობია. პრობლემა მენტალიტეტია. გვჭირდება, რომ ბიზნესი (და არა - ადამიანები) მენტალურად გაიზარდოს, რადგან ქართული ბიზნესი ჯერ კიდევ პირველი თაობის მენეჯმენტის ქვეშაა, ძალიან ახალგაზრდაა.

ახლა მას განსხვავებული ხედვა, ახალი ტექნოლოგიები სჭირდება. როდესაც 90-იანებში პირველი თაობა ქმნიდა ბიზნესს და ეკონომიკას, მაშინ სულ სხვა უნარ-ჩვევები იყო საჭირო, რაც დღეს პარტნიორის მოძებნასა და მოლაპარაკებების წარმართვაშიც არ გამოდგება. ამ ყველაფერს დრო მოიტანს, როდესაც განწყობები და მიდგომები შეიცვლება", - აცხადებს არჯევანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები