საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა საინვესტიციო გარემოს, საინვესტიციო კლიმატს და ამაზე მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს.
მინისტრი ამ კომენტარით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანა უსაფრთხოა ინვესტიციებისთვის.
„სწორედ უსაფრთხო გარემო და უსაფრთხო ქვეყანა არის უცხოური ინვესტიციების მთავარი კომპონენტი, მთავარი მიმზიდველობა. შესაბამისად, ეს არის მორიგი დადასტურება იმისა, რაზეც საქართველოს მთავრობა და მთავრობის მეთაური საუბრობენ - რომ ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო ნებისმიერი ინვესტიციისთვის. ძალიან საინტერესო გზავნილები იყო ამ დოკუმენტში,“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
თავის მხრივ, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული ინფორმაცია ობიექტურია და მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს საიმედო პარტნიორი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები კარგია და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უკეთესი პოზიცია აქვს, თუმცა არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად.