მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოელი ინვესტორების მიერ დასმულ კითხვებში ყველა ის პრობლემაა ასახული, რაც დღეს ქვეყანაშია“ - ირაკლი ჟვანია

64aaa91ed7e19
ლიკა მეგუთნიშვილი
09.07.23 22:10
642
საერთაშორისო ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ჟვანიამ BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლითაც უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან.

მისი თქმით, ინვესტორების მიერ დასმული კითხვები ძირითადად ერთგვაროვანია და მათში ყველა ის პრობლემა არის ასახული, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი ინვესტორებისთვის დიდი არ არის, დღეს, 21-ე საუკუნეში ეს მათთვის მთავარი კრიტერიუმი არ არის. მათ აინტერესებთ, ადამიანის უფლებების დაცვა, სასამართლოს სანდოობა, გამჭვირვალე გარემო, სახელმწიფოს მეგობრული პოლიტიკა, სხვადასხვა ინტერესის დაცვა და ა.შ. ინვესტორების მხრიდან დასმული კითხვებიც დღეს სწორედ ამ ყველაფრისკენ არის მიმართული და სამწუხაროდ, ამ კითხვების რაოდენობა დროთა განმავლობაში მზარდია. ეს ყველაფერი კი, უპირველესად სწორედ იმ შემთხვევებიდან მომდინარეობს, რაც ამ ქვეყანაში დიდ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება“, - აღნიშნავს ჟვანია.

ირაკლი ჟვანიას თქმით, ის რაც მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტ „ხედვა 2030“-ში არის გაწერილი, რომ ქვეყანაში გლობალური ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები უნდა მოვიზიდოთ, არის მხოლოდ სურვილი, რაც რეალობისგან ძალიან შორსაა.

მისივე თქმით, ინვესტორები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე ინფორმაციას არა დოკუმენტებიდან, არამედ კოლეგებისგან იღებენ, რომლებიც ამ ქვეყანაში ინვესტირებისას არაერთ პრობლემას აწყდებიან.

„ის ინვესტიციებიც კი, რაც მოვიზიდეთ, არ დამთავრდა იმ შედეგით რაც უნდა მიგვეღო. ვგულისხმობ, სხვა ინვესტორებისთვის ეს არ აღმოჩნდა მაგალითი, რომ მათ საქართველოში ინვესტირებაზე ეფიქრათ. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ბიზნეს საბჭოა შექმნილი და ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით ინვესტორებს არანაირი პრობლემა არ აქვთ. ისინი ინფორმაციას იმ პირებისგან იღებენ, ვინც საქართველოში ბიზნესის კეთება დაიწყო, ან სურვილი ჰქონდა, რომ გაეკეთებინა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ დოკუმენტებში დაწერილი ლოზუნგები არ გვიშველის, თუ პრაქტიკაში არ განვახორციელეთ. მთავარია ის რეალობა, რაც გვაქვს, თუ რამდენად დიდ სირთულეებს აწყდებიან საქართველოში ინვესტორები. ეს პრობლემები არც ახალია და ჯერ-ჯერობით არც მათი გადაჭრის გზები არ ჩანს“, - აცხადებს „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი.

ირაკლია ჟვანია ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად მნიშვნელოვანია, საექსპორტო შესაძლებლობები სწორად გამოვიყენოთ და ისეთი პროდუქტი თუ სერვისი შევქმნათ, რასაც დიდი საექსპორტო პოტენციალი ექნება. ეს კი, თავის მხრივ, ინვესტორების მხრიდან მეტ დაინტერესებას უზრუნველყოფს.

„ჩვენი მთავარი პრობლემა არის ახალი, დიდი ინვესტორების შემოყვანა. ეს პროცესი უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს, რადგან ერთი და ორი ტრანზაქციები ბევრს ვერაფერს ცვლის. მთავარია, საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც ქვეყანა, რომელიც საინვესტიციოდ მიმზიდველია და ეს იყოს უწყვეტი პროცესი.

რაც არ უნდა მოინდომოს საზოგადოებამ და ბიზნესმა, ცალკე ვერაფერს გადაწყვეტს თუ სახელმწიფომ არ შექმნა გარემო. თუ მთავრობა მოინდომებს, გაცილებით მარტივად გადაიჭრება ეს პრობლემა. ვფიქრობ, რომ სათანადოდ ვერ ვიყენებთ ჩვენს საინვესტიციო პოტენციალს და არ მოქმედებს შესაბამისი უწყება, ვინც ერთი ფრთის ქვეშ გააერთიანებს ამ ყველაფერს. საჭიროა მეტი საინვესტიციო პროექტის დამუშავება, არსებული რესურსებით უნდა შევქმნათ ისეთი სერვისი, რასაც ექსპორტზე გავიტანთ. თავდაპირველად, უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობები, რადგან როდესაც დიდი ინვესტორების დაინტერესებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი ქვეყანა პატარა ბაზარია და თუ ინვესტორები დიდ საექსპორტო შესაძლებლობებს არ დაინახავენ, არ შემოვლენ“, - განმარტავს ირაკლი ჟვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები